ახალი ამბები

მზია ამაღლობელი მაკკეინის ინსტიტუტის ახალი ინიციატივის – “თავისუფლება პოლიტპატიმრებს” სიაშია

6 თებერვალი, 2025 •
მზია ამაღლობელი მაკკეინის ინსტიტუტის ახალი ინიციატივის – “თავისუფლება პოლიტპატიმრებს” სიაშია

ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მაკკეინის ინსტიტუტის ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ადრესატია.

ინიციატივის სახელია “თავისუფლება პოლიტპატიმრებს” და შეეხება “ამერიკელებს, მწვანე ბარათის მფლობელებს და დისიდენტებს სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც არიან პოლიტიკური პატიმრები, ან მძევლები რეპრესიული რეჟიმების მიერ”.

“ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის ინიციატივა პოლიტიკური პატიმრების თავისუფლების შესახებ გააგრძელებს სენატორი მაკკეინის მემკვიდრეობას, რომელიც შეეხება დაკავებული მძევლების თავისუფალ და უსაფრთხო დაბრუნებას”, – განაცხადა ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეველინ ფარკასმა.

მაკკეინის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დასაწყისისთვის, ინიციატივა ორიენტირებული იქნება ოთხი მიმართულებით მუშაობაზე.

  1. ვენესუელა: ჰესუს არმასი, ვენესუელელი ოპოზიციური ლიდერი, მაკკეინის გლობალური ლიდერი;
  2. ბელარუსი: მარია კალესნიკოვა, ბელარუსი ფლეიტისტი;
  3. ღაზა: ისრაელელი ამერიკელი მძევლები;
  4. საქართველო: მზია ამაღლობელი.

აქვეა აღნიშნული, რომ მაკკეინის ინსტიტუტი ამაყობს მისი მოქმედებით კიდევ ერთ ქართველის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლების ხელშეწყობაში, რომელიც იმ დროს, მზია ამაღლობელის მსგავსად, იყო მედიამენეჯერი.

ინიციატივის პრეზენტაციას ესწრებოდნენ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა მურზა და ვაშინგტონ პოსტის პრესის თავისუფლების ინიციატივის დირექტორი, ჯეისონ რეზაიანი.

მზია ამაღლობელი დაკავებიდან უკვე 26 დღეა რაც შიმშილობს.

4 თებერვალს ის რუსთავის ქალთა კოლონიიდან თბილისში, კლინიკა ვივამედში, სამედიცინო გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. დღეს, 6 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკ(ებ)ის) მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასების მიზნით, კონსილიუმი შექმნა.

ამავე თემაზე:


მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.

არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მასი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს.

იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი