ახალი ამბები

სპონტანური აქცია, გაზრდილი ადმინისტრაციული პატიმრობა და ჯარიმები – რას ცვლის „ოცნება“

4 თებერვალი, 2025 •
სპონტანური აქცია, გაზრდილი ადმინისტრაციული პატიმრობა და ჯარიმები – რას ცვლის „ოცნება“

უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე „ქართული ოცნება“ დაჩქარებულად იღებს მორიგ რეპრესიულ კანონებს.

„ოცნებას“ ცვლილებები შეაქვს: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ კანონში.

„ოცნების“ გადაწყვეტილებით, იცვლება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი  და შემოაქვს სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და იზრდება ჯარიმები.

 

ცვლილებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში

 

იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები:

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატიმრობის ვადა 4-ჯერ იზრდება  და თუ აქამდე მაქსიმალური ვადა  15 დღე იყო, ახლა  „ოცნების“ გადაწყვეტილებით 60 დღემდე გაიზრდება.  პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს სასამართლო.

იცვლება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში 5 დღით ადრე განცხადების შეტანის ვალდებულება. კანონის თანახმად, გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია შეკრებისგან ან მანიფესტაციისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.

„ოცნების“ გადაწყვეტილებით,  შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 4-ჯერ გაიზრდება და 500 ლარის ნაცვლად 2 000 ლარი გახდება. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორისთვის  დაჯარიმებას გამოიწვევს 5 000 ლარით.

აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სპონტანური შეკრების ცნებას და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. თუმცა ახლა „ოცნებას“ შემოაქვს სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება.

„ოცნების“ გადაწყვეტილებით, ეს არის შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო და რომლის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო.

ასევე, გაიწერა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის დროს გაფრთხილების შეტანის წესი. ასეთ შემთხვევაში გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში 5- დღიანი ვადის დაცვის გარეშე შეიძლება იქნეს შეტანილი.

თუმცა განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება განისაზღვროს გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი.

ბლოკირება

სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

პროექტით იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.

აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდამრღვევი ორგანიზატორი- 15 000 ლარის ოდენობით.

განმეორებით ჩადენა ითვალისწინებს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორისთვის მის დაჯარიმებას 15 000 ლარიდან 20 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს უკვე აკრძალული აქვთ: იქონიონ ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას. ასევე, „ოცნებისვე“ გადაწყვეტილებით, აკრძალულია სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა.

დაგეგმილი ცვლილებებით აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, ხოლო განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს ემატება ახალი გარემოებები:

  • მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;
  • წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი ან ამ კოდექსის შესაბამისად გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა;
  •  სამართალდარღვევის ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ;
  •  არასრულწლოვანის ჩაბმა სამართალდარღვევაში;
  • სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვანის მიმართ ან თანდასწრებით;
  • სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;
  •  დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;
  • სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში სხვა საგანგებო გარემოებათა დროს;
  • სამართალდარღვევის ჩადენა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ;
  • სამართალდარღვევის ჩადენა დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

იცვლება ვადა, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად:

თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სახდელი, რომლის საქმეც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია, შეიძლება დაედოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია − მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად, გარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევისა.

ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, გარდა ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე, 1502, 166-ე, 1662, 173-ე, 17316 და 1741 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება ჯარიმის სრულად გადახდიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

ზუსტდება წვრილმანი ხულიგნობის ქმედების შემადგენლობა და სახდელთა ზომები:

წვრილმანი ხულიგნობა − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს–  გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.  განმეორების შემთხვევაში  გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.“

იცვლება ვანდალიზმთან დაკავშირებული სახდელთა ზომები:

ვანდალიზმის განმეორებით ჩადენის შემთხვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. აქამდე ეს მუხლი 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ან  5 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა.

პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და შეურაცხყოფა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ამ პირების სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა)– გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.

ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

ახალი ადმინისტრაციული სამართლდარღვევა ხდება:

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით

განმეორებით შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 2500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

 

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

 

ძალადობრივი ქმედებისაკენ მოწოდება

  • რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე;

თანამდებობის პირისა და პოლიციის წინააღმდეგობა, ძალადობის მუქარა, თავდასხმა

  • . პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
    იგივე ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად და არაერთგზის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
  • პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
    ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად; არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
  • პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.  ჯგუფურად, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
  • . პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით− ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
  • საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ან საჯარო მოსამსახურეზე ან/და მისი ოჯახის წევრზე ძალადობის მუქარა საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის გათანაბრებულ პირზე ან/და საჯარო მოსამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
  • საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ან/და საჯარო მოსამსახურეზე ან მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის გათანაბრებულ პირზე ან/და საჯარო მოსამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

„ქართული ოცნების“ რეპრესიული ცვლილებები გააკრიტიკა სახალხო დამცველმაც. ომბუდმსენის შეფასებით, , აღნიშნული ცვლილებები “ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს”.

სახალხო დამცველი “ქართული ოცების” პარლამენტს მოუწოდებს, დაჩქარებული წესით არ განიხილოს დაანონსებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი