სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კაცი დააკავეს 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე და მას 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებული ინტერნეტ სივრცეში, სოციალური ქსელების, მათ შორის, Facebook-ის Instagram-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 13 და 14 წლის არასრულწლოვან გოგონებს უკავშირდებოდა, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკსა და ვინაობას.
მათივე ცნობით, ბრალდებული არასრულწოვნებთან სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას უგზავნიდა.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო. მათ შორის ჩატარდა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, ასევე, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები.
გამოძიების მიერ აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა ათამდე Facebook-ის და Instagram-ის ყალბი გვერდი, რომლის გამოყენებითაც ასეულობით პირთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.
სამსახური, გამოძიებას არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა სტადიაზე დაიცავს“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.