ახალი ამბები

“არ განიხილოთ დაჩქარებული წესით” – ომბუდსმენი “ოცნების” რეპრესიულ კანონპროექტებზე

4 თებერვალი, 2025 •
“არ განიხილოთ დაჩქარებული წესით” – ომბუდსმენი “ოცნების” რეპრესიულ კანონპროექტებზე

სახალხო დამცველი “ქართული ოცების” პარლამენტს მოუწოდებს, დაჩქარებული წესით არ განიხილოს დაანონსებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები.

საუბარია მამუკა მდინარაძის მიერ დაანონსებულ ცვლილებებზე, რომლითაც მკაცრდება აქციებისა და დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ პოლიტიკა. მათ შორის, იზრდება ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები “ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს”.

სახალხო დამცველი წლებია საუბრობს როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მარეგულირებელი ნორმების ხარვეზებსა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე. თუმცა ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა საშუალებას, ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს საკანონმდებლო პროცესში. შესაბამისი გაანალიზებისა და საფუძვლიანი განხილვების გარეშე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ცვლილებების მიღება აზიანებს როგორც თავად საკანონმდებლო პროცესს, ასევე ქმნის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის რისკებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს – არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 3 თებერვალს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რეპრესიული კანონების მორიგი პაკეტი დააანონსა. „ოცნების“ გადაწყვეტილებით, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მათ შორის:

  • მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება;
  • წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და  მათი შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისათვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

სისხლის სამართლის კოდექსში „ოცნება“ შემდეგ ცვლილებებს გეგმავს:

  • ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. არსებული ცვლილებით ამ ქმედებისათვის განისაზღვრება  პატიმრობა 3 წლამდე ვადით;
  • იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის, ძალადობისათვის და ეს ტარდება მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში და დაისჯება პატიმრობით 5- დან 6 წლამდე ვადით;
  • ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში;
  • სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის  ხელყოფის ფაქტზეც;
  • ახალი ნორმა იქნება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც;
  • ასევე, არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება მათ შორის გამკაცრების მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი