სახალხო დამცველის განცხადებით, შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები.
„ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც. ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის ქალი პოლიტიკოსების მიმართ. სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას“, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა ამ ფაქტზე გამოძიება და შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოუწოდებს, პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და არაეთიკური მიმართვების ფაქტებზე ჩატარდეს სამსახურებრივი შემოწმება.
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ მისი რწმუნებულები მოინახულებენ ყველა დაკავებულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს და დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი: 1481.
2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე პოლიცია მომიტინგეებს დაუპირისპირდა, დააკავა ათობით ადამიანი. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აგინებენ და სცემენ პოლიციელები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) ჩათვლით აქციის მონაწილეებს და დაკავებულებს.
„თბილისი მოლთან“ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს