„თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს.
მანამდე პოლიციამ დააკავა „ახალი“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის თსუ-ის სტუდენტი კონსტანტინე კობერიძე, მორაგბე ლევან ობოლაძე, ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე და სხვები.
„თბილისი მოლთან“ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საქალაქო სასამართლოსკენ გადაადგილება სცადეს. მოქალაქეთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, პოლიციამ მათ გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება არ მისცა.
აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
დიდი რაოდენობით პოლიცია შუა დღიდან მობილიზებული იყო „თბილისი მოლთან“, სადაც მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 16:00 საათიდან შეიკრიბნენ და სტუდენტების შეკრების ადგილას — „თავისუფალ უნივერსიტეტთან“. „თბილისი მოლთან“ იმყოფებოდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილიც (ხარება) — სანქცირებული მაღალჩინოსანი, რომელიც „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ცოტა ხნის წინ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. აქციის მონაწილეები და გადაღებული ვიდეოკადრები ადასტურებენ, რომ „ხარება“ მომიტინგეებს აგინებდა და სცემდა.
კადრებში ჩანს, რომ პოლიცია თავში ურტყამს და სასტიკად უსწორდება დაკავებულებს.
„ნეტგაზეთი“ ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმოს ინფორმაცია დაკავებულთა შესახებ.