ახალი ამბები

დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით

1 ნოემბერი, 2010 • 2102
დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ახმაურებს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 20 მოქალაქის ვინაობას. 15 ოქტომბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ბათუმში რამდენიმე პირი დააკავა იგივე ბრალდებით, თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა ამ ადამიანების  საქმე ჯაშუშურ ქსელს.

15 ოქტომბერს ბათუმში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ცნობილი ბიზნესმენის, გარდაცვლილი ოლეგ გალოგრეს ძმა – რუსლან გალოგრე და ბათუმის სომხური დიასპორის ყოფილი ხელმძღვანელი – არმენ გევორქიანი დააკავა. დაკავებულები იმ დღესვე თბილისში გადაიყვანეს.

როგორც გალოგრეს ადვოკატმა, ლორდი ლებანიძემ ბათუმელებთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს: «ბრალი საბოლოო სახით ჩამოყალიბებული არ არის. 316-ე მუხლით აქვს ბრალდება წაყენებული. საქმე ძიებაშია და სანამ დამთავრდება, ორი თვე დასჭირდება». 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 316-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთი კატეგორიის დანაშაულს, როგორიცაა სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა. პირველ შემთხვევაში საპატიმრო ვადა 5-დან 8 წლამდეა. მეორე ნაწილით, სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ უკანონო სამხედრო ძალის ან ტექნიკის გადაადგილება ან დისლოკაციის ადგილის შეცვლა, ან კანონიერი ხელისუფლებისადმი სხვაგვარი დაუმორჩილებლობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 12 წლამდე.

რუსლან გალოგრე ბოლო წლებში ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, მდებარე სასტუმრო «ოლეგ გალოგრეში» ერთ-ერთ მენეჯერად მუშაობდა და როგორც ამ სასტუმროს თანამშრომლები არაოფიციალურად ამბობენ, მისი ერთადერთი შემოსავალიც ეს სამსახური იყო.

სასტუმრო «გალოგრე» შარშან გაზაფხულზე გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალში  მონაწილეობა პრეზიდენტმა სააკაშვილმაც მიიღო. სწორედ «გალოგრეს» აივნიდან ბრძანა მან მე-3 საჯარო სკოლის (მისი აზრით სიმახინჯის) აღება და ისტორიული უბნის გამშვენება. ამის მერე იშვა სწორედ «პიაცას» იდეა, რომლის მშენებლობაც «გალოგრეს» გვერდით დღესაც მიმდინარეობს. მაშინ სასტუმროს მენეჯმენტს ბათუმის «ოილ ტერმინალი» განაგებდა. დღეს კი მენეჯმენტს გალოგრეს ოჯახი მართავს.

რუსლან გალოგრეს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმში გავრცელდა ინფორმაცია ამ ოჯახისთვის სასტუმროს სახელმწიფოს მხრიდან ჩამორთმევის შესახებ. რადგან «პიაცას» მოედანს ლამის სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების სტატუსი აქვს და ქონების ექსპროპრიაცია ჩვენ დროში უცხო არ არის, დაპატიმრების ერთ-ერთი ვერსიაც ამას უკავშირდება, თუმცა ეს ინფორმაციები ოფიციალურად არ დასტურდება.

წაყენებულ ბრალდებას კი აბსურდულად მიიჩნევენ დაკავებულის ახლობლები. «რუსლანს არასდროს ჰქონია რაიმე კავშირი არც ბიზნესთან, არც თანამდებობის პირებთან და პოლიტიკასთან, მით უმეტეს, სამხედრო პირებთან. გაოცებული ვარ»,– აცხადებს დაკავებულის დეიდაშვილი ანზორ კუდბა.

რუსლან გალოგრე 62 წლისაა, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. «25-ე არხის» ინფორმაციით, ოჯახის წევრებისთვის მისი დაკავების მიზეზი გაუგებარია. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, იგი ბიზნესსაქმიანობას აღარ ეწეოდა, ჰქონდა მხოლოდ ორი მაღაზია და მუშაობდა სასტუმრო „გალოგრეში“. ოჯახის ინფორმაციით, სამართალდამცავები მას ბრალს სამშობლოს ღალატში სდებენ, რასაც გალოგრეს მეუღლე აბსურდულად მიიჩნევს».

სავარაუდოდ, იგივე ბრალდება წაუყენეს გევორქიანსაც, რომლის ოჯახთან დაკავშირება ბათუმელებმა  ვერ მოახერხა. არმენ გევორქიანი ბათუმში სომხურ დიასპორას ხელმძღვანელობდა 1998-2004 წლებში და ასლან აბაშიძის წასვლის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მას ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე პატარა მარკეტი ჰქონდა.

ამ დაკავების შესახებ ბათუმელებმა ინფორმაცია ვერ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ამ უწყებაში პრესსამსახურის გარეშე კომენტარს არც ერთი თანამშრომელი არ აკეთებს. პრესსამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ გვენეტაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შს სამინისტროს გალოგრესა და გევორქიანის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია არც თავის ვებგვერდზე გამოუქვეყნებია.

ბათუმელების  ინფორმაციით, ბოლო ორ თვეში ბათუმში სპეცსამსახურებმა უკვე მეორედ დააკავეს საქართველოს მოქალაქეები ჯაშუშობის ბრალდებით. 2010 წლის 13 მაისს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა რუსეთის არმიის სამი ყოფილი თანამშრომელი: გადამდგარი პოლკოვნიკი, დედით ებრაელი, მიხეილ ვიალოვი, ასევე, გადამდგარი პოლკოვნიკი იური სკილნიკოვი და რუსეთის ყოფილი მე-12 სამხედრო ბაზის მეთაურის, გენერალ ბორისოვის მძღოლი იური მალჩუკი. სკილნიკოვი და მალჩუკი რუსეთის მოქალაქეები არიან და მუდმივი მცხოვრებლის სტატუსით ცხოვრობენ ბათუმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი