ახალი ამბები

რაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ციხეში ხდება, ძალიან ახლოსაა წამებასთან — PACE-ის პრეზიდენტი

31 იანვარი, 2025 •
რაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ციხეში ხდება, ძალიან ახლოსაა წამებასთან — PACE-ის პრეზიდენტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი აცხადებს, რომ პირადად  თვითონ და ასამბლეა ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.

„მსურს გამოვეხმაურო ერთ შემთხვევას, რომელიც კარგად არის ცნობილი თქვენი ხალხისთვის. ვსაუბრობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე. იგი დაპატიმრებულია, შიმშილობს და ჩვენ — პირადად მე და ასამბლეა — ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, გაათავისუფლონ. იმიტომ, რომ ეს არის უსამართლო. რაც ახლა მასთან დაკავშირებით ციხეში ხდება, ძალიან ახლოს არის წამებასთან“, — განუცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა „რადიო თავისუფლებას“.

მისი თქმით, მზია ამაღლობელი უნდა გაათავისუფლონ იმიტომ კი არა, რომ ამას PACE-ის პრეზიდენტი ითხოვს, არამედ იმიტომ, რომ ამავდროულად ეს არის გზა, რომლითაც „საქართველოს მთავრობას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნამდვილად პატივს სცემს ადამიანის უფლებებს“.

„მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 75 წლის იუბილეს. ასე რომ, ქვეყანამ, ამ დიდი ორგანიზაციის წევრმა ყველა ქვეყანამ, რომელიც მხარს უჭერს, პატივს სცემს და ემსახურება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, — განაცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა.


„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მზია ამაღლობელი 12 იანვრიდან შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს.

ადვოკატების ცნობით, მეორე დაკავების შემდეგ, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, არ აძლევდა მას წყალსა და საპირფარეშოზე წვდომას. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მზია ამაღლობელის ბრალდებებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სამართალდამცველის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი