გლდანის ციხეში ნაცემი პატიმრის, 45 წლის იოსებ გორგაძის ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ ციხეში ექიმებმა არ აღწერეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაზიანებები, ნაცემი პატიმარი „ვივამედში“ ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს და ამის შესახებ არც მისი ადვოკატისთვის ან ოჯახისთვის უცნობებიათ.
„კვირა დღეს მიკავშირდება გლდანის N8 დაწესებულებიდან ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც მეუბნება, რომ „გორგაძე იყო ცუდად, გადაიყვანეს საავადმყოფოში და ხომ არ იცით, როგორ არის?“ ამის შემდეგ ვიწყებ უკვე მე მოქმედებებს, ამის შემდეგ მივდივარ „ვივამედის“ კლინიკაში და ვარკვევ, რაც ხდება: 23 იანვარს შემოყვანილ იქნა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის N8 დაწესებულებიდან “ვივამედის” კლინიკაში.
ციხის დაწესებულებამ შემოიყვანა ინსულტის დიაგნოზით. არადა ადამიანს სახის ძვლების არც ერთი ნაწილი მთელი არ აქვს, ისეთი დაზიანებები აქვს მიყენებული. ეს ადამიანი არის ნაცემი, ნაწამები და ისე გადმოიყვანეს აქ. საერთოდ გაუგებარია, რატომ მალავს გლდანის N8 დაწესებულება ან პენიტენციური სამსახური იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანი არის სასტიკად ნაცემი. არცერთი აღწერა ექიმებს გლდანის ციხეში არ გაუკეთებიათ ხილულ დაზიანებებთან დაკავშირებით. მას ჰქონდა სისხლჩაქცევები, ესკორაციები, ჩალურჯებები, ეს აღწერები არ არის გაკეთებული. რატომ? ჩვენთვის უცნობია. ვითხოვთ დაუყოვნებლივ ამ საქმის გამოძიებას და ყველა იმ პირის უმკაცრესად დასჯას, რომელთაც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს”, – განაცხადა ღურწკაიამ.
გუშინ, 29 იანვარს ციხესთან მისულები იყვნენ გორგაძის ოჯახის წევრები, ახლობლები და ითხოვდნენ ადმინისტრაციასთან შეხვედრას,
კლინიკაში გუშინვე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც და, როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, პატიმრის მონახულება ვერ შეძლეს.
სახალხო დამცველის განცხადებიდან ირკვევა, რომ ციხეში მომხდარზე და პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, „სამკურნალო ძილში“ იმყოფება განუსაზღვრელი დროით.