ახალი ამბები

ახლა წევრმა ქვეყნებმა უნდა დანერგონ შიდა წესებში – კალასი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე

27 იანვარი, 2025 •
ახლა წევრმა ქვეყნებმა უნდა დანერგონ შიდა წესებში – კალასი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა თავიანთ შიდა წესებში უნდა დანერგონ .

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და, რა თქმა უნდა, რაც ხდება, ამას დიდი შეშფოთებით ვუყურებთ. ამიტომ ჩვენ დღესაც ვისაუბრეთ იმის შესახებ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოს მთავრობისთვის სიგნალის გასაგზავნად, რომ ის ნამდვილად არ მიდის სწორი მიმართულებით ევროპულ გზაზე. რაც შეეხება [ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის] ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, გადაწყვეტილება დღეს მიიღეს და ახლა წევრმა ქვეყნებმა უნდა დანერგონ ეს შიდა წესებში. ამ მხრივ ევროპა ასე მუშაობს“, – განაცხადა კაია კალასმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება.

იმ წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, რომელმაც აღადგინა სავიზო მოთხოვნები, ქართველი დიპლომატები და ოფიციალური პირები ასევე აღარ ისარგებლებენ განაცხადის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლითა და ნაკლები დამხმარე დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობით.

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, გადაწყვეტილება, რომლის წინააღმდეგად უნგრეთმა და სლოვაკეთმა მისცეს ხმა, უახლოეს დღეებში შევა ძალაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი