რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზ ბიზნესმენისა და ოპოზიციონერისთვის, ლევან მიქაასთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.
ლევან მიქაა მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბერში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, რასაც მოჰყვა ასლან ბჟანიას გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა. პროტესტი რუსეთისა და აფხაზეთის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას უკავშირდებოდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთ ოპოზიციონერისთვის, კან კვარჩიასთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი დაარეგისტრირა:
- მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა;
- აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში ოლეგ ბარციცი;
- ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, “აფხაზთა სახალხო მოძრაობის” ლიდერი ადგურ არძინბა;
- აუდიტის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არშბა;
- “შავი ზღვის განვითარების ბანკის” თავმჯდომარე ადგურ ხურხუმალი.