საჯარო მოხელე, მიხეილ ვალაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პოლიტიკური ნიშნით – პროტესტის გამოხატვის გამო გამოუშვეს. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 10 იანვარს, “19:34-ზე, განხორციელებული ზარით”, ანუ არასამუშაო დროს შეატყობინეს.
ის განმარტავს, რომ უწყებას განცხადება გაუგზავნა, სადაც ახსნა-განმარტება მოითხოვა, “თუმცა არაფერი ახალი და განსხვავებული არ უთქვამთ”.
“მიზეზად კი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დამისახელეს (თავიანთი გაპარული/დაშვებული შეცდომის ლოგიკით), თორემ ხელშეკრულება რეალურად უვადოდ მოქმედებდა. რა თქმა უნდა, მიზეზი ჩემთვის ცხადია და ვფიქრობ, რომ სამსახურიდან გათავისუფლება ჩემს პროტესტს უკავშირდება, ხელისუფლების მიერ კონსტიტუციისა და მისი დებულებების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით. მაგრამ, თავიანთი შეცდომითვე, 31 დეკემბრამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფონზეც კი, გადაწყვეტილება 10 დღის დაგვიანებით მაცნობეს მხოლოდ სატელეფონო ზარით.
რა თქმა უნდა, 13 იანვარს გამოვცხადდი სამსახურში ჩვეულად, რადგან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ მიმიღია, მიზეზით – “ასეთ დროს ბრძანება უბრალოდ არ გამოდის”, თუმცა ვერ განვახორციელე ჩემი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან არ მომეცა შესაძლებლობა შემესრულებინა სამუშაო და იძულებული გავხდი დამეტოვებინა სივრცე”, – წერს ვალაშვილი სოციალურ ქსელში.
ვალაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ დააწინაურეს. გარდა ამისა, როგორც ამბობს, მის წინააღმდეგ არ არსებობს არცერთი საჩივარი, შენიშვნა ან გაფრთხილება. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლება მის საჯაროდ გამოხატულ სამოქალაქო პოზიციას უკავშირდება.
“საჯარო სამსახურში ჩემი თითოეული დღე იმ მოტივაციით ვიმუშავე, შემექმნა სახელმწიფო სტრუქტურისა და საზოგადოებისთვის სამართლიანი, თანასწორი, ევროპული და ხელმისაწვდომი სტანდარტი ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში. ამ ღირებულებებმა ჩამომაყალიბა სწორედ კარგ იურისტად. ამ ღირებულებების ერთგულია ყველა პროფესიონალი საჯარო მოხელე თუ მოსამსახურე, ვინც ამ „წმენდაში“ მოყვა და მოყვება ახლო პერიოდში.
უწყება, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იცავდეს არა პოლიტიკურ, არამედ პარტიულ ნეიტრალიტეტს, სამწუხაროა, რომ ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდა და პარტიული ნეიტრალიტეტის მქონე თანამშრომელი, რომელიც თავის სამართლიან პროტესტს გამოხატავს, სამსახურიდან გაუშვა.
უწყება, რომლის პროფილიც ცალსახად სამართლებრივია, სამწუხაროა, რომ დასაქმებულთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არღვევს ყველაფერს, რისი დარღვევაც შეიძლება და ამ ყველაფერზე, ახლა და ამ სივრცეში, არ შეგაწყენთ თავს. აუცილებლად მივმართავ შესაბამის სამართლებრივ ზომებს და თანდათანობით ყველაფერს გაიგებთ.
მადლიერი ვარ, რომ თითქმის 2 წელი ჩემს ქვეყანას ვემსახურე. რა თქმა უნდა, კიდევ მოვემსახურები სულ მალე მეც და ყველა ღირსეული რეპრესირებული საჯარო მოხელე, რომლებიც ამ ქვეყნისთვის განვაგრძობთ ევროპული მომავლისა და სტანდარტის ურყევ ერთგულებასა და ქმნადობას.
ბოლოს კი იმ სიტყვებით დავასრულებ, რაც წამოსვლის წინ დავუტოვე ჩემს თანამშრომლებს საფიქრელად – აზრი არ აქვს ჩუმად იქნებით თუ არა, რადგან სისტემის მსუსხავი ხელი ყოველთვის ყველგან მოგწვდებათ. ამიტომ იბრძოლეთ თქვენი ღირებულებებისთვის, იბრძოლეთ ხმამაღლა”, – წერს ბალაშვილი სოციალურ ქსელში.
13 იანვარს სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიცია “ჩემი ხმა” სპეციალური პრესკონფერენციით გამოეხმაურა საჯარო სამსახურებიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებების ტენდენციას. კოალიციის ერთ-ერთმა სპიკერმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებების ფორმალური საფუძველი ძირითადად ხელშეკრულების ვადის გასვლაა, თუმცა, რეალურად, გათავისუფლებულები არიან ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს, მონაწილეობდნენ დემონსტრაციებში, საჯარო, მათ შორის სოციალურ მედიაში აკრიტიკებდნენ “ქართული ოცნების” ძალადობრივ ქმედებებს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ.
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან არაერთი საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აადვილებს 2024 წლის ბოლოს, “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს, 27 სხვა კანონპროექტთან ერთად მოაწერა ხელი.
ამავე თემაზე:








