ახალი ამბები

სასამართლო ექსპერტებმა არსებული პრობლემები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

31 ოქტომბერი, 2010 • 1446
სასამართლო ექსპერტებმა არსებული პრობლემები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გუშინ სასამართლო ექიმთა მესამე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ლევან  სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სასაქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაცია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. კონფერენცია წელს უკვე მესამედ ჩატარდა და მას საქართველოში მოქმედი 50-ზე მეტი სასამართლო ექიმი და სამედიცინო ექსპერტი დაესწრო.

კონფერენციაზე განიხილეს სასამართლო მედიცინის, სასამართლო ფსიქიატრიის, სასამართლო ჰისტოლოგიის, ნარკოლოგიისა და პათოლოგიური ანატომიის საკითხები.

ჰისტოლოგიის სამმართველოს წარმომადგენელმა ნანა კიკალიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ამ ლაბორატორიაში ბოლო დროს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგები, რის შედეგადაც ჰისტოლოგიური ანალიზების უფრო სრაფად და ხარისხიანად გაკეთება  გახდა შესაძლებელი.

კონფერენციის მონაწილეების თქმით, აუცილებელია, რომ მსგავსი ღონისძიებები რეგულარულად გაიმართოს, რადგან სასამართლო ექსპერტიზის სფეროში წლიდან წლამდე ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი გროვდება, რომლებსაც ერთობლივი განხილვა სჭირდება. პრობლემურ საკითხებს შორის დასახელდა სხეულის დაზიანების ხარისხის და სიმძიმის განსაზღვრა. სასამართლო ექიმების თქმით, საჭიროა,  პროფესიონალებმა ერთობლივი მუშაობით დაადგინონ ერთიანი სტანდარტები,   რათა მომავალში მათი სამედიცინო დასკვნები ერთმანეთისგან რადიკალურად არ განსხვავდებოდეს.

სასამართლო ექიმმა ზურაბ კაციტაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ დღესდღეობით ძალიან ბუნდოვანია სად, როგორ, რა პირობებში ტარდება და ვინ ატარებს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას. მისი აზრით, როცა მხოლოდ ერთი სამედიცინო კომისია განსაზღვრავს კონკრეტული ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხს, იქ შეცდომის დაშვების და პრობლემის გაჩენის ალბათობა დიდია. ზურაბ კაციტაძე ფიქრობს, რომ მსგავს კომისიაში თუნდაც ერთი სასამართლო ექსპერტიც უნდა ჩაერთოს , რადგან საეჭვო შემთხვევებში საეჭვო დასკვნას ის ხელს არ მოაწერს და სამედიცინო ფსიქიატრიული დასკვნების გაყალბების ალბათობაც შემცირდება.

სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა დავით ჭავჭანიძემ აღნიშნა, რომ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს წლების მანძილზე მუშაობა არანორმალურ პირობებში უწევდა და აუცილებელია მისი მოდერნიზება, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა, რადგან მან მომავალში სრულყოფილი ფუნქციონირება შესძლოს.

კონფერენციაზე, ასევე, ითქვა, რომ მომავალში აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით  იგეგემება სასამართლო ექსპერტიზის ახალი ბაზის შექმნა, ტექნიკის განახლება და სტუდენტებს პრაქტიკის უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდებათ.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ კონფერენციას არ ესწრებოდნენ სასამართლო ექსპერტები საქართველოს რეგიონებიდან. პროფესორ თეიმურაზ გორდელაძის თქმით, რეგიონში მოქმედ სასამართლო ექსპერტებს უფრო სჭირდებათ ახალი გამოცდილების მიღება, ვიდრე თბილისში მოქმედთ. მისი აზრით, ძირითად შემთხვევებში სასამართლო ექსპერტები რეგიონებში ხშირად ერთმანეთისგან განსხვავებული სტანდარტებით მოქმედებენ.

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელები, თუმცა ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში არ გამოჩენილან. ორგანიზატორების თქმით, მათი არმოსვლის მიზეზი „საპატიოა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი