ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.
უწყება 12 დეკემბრიდანაა ინფორმირებული ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ ამაღლობელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობის, სახეში შეფურთხების, საპირფარეშოთი სარგებლობისა და წყლის დალევის შეზღუდვის შესახებ. 15 დეკემებრს თავად ამაღლობელმა დეტალური, წერილობითი ინფორმაციაც მიაწოდა სამსახურს. დღეს, 17 ნოემბერს კი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) უწყებას ოფიციალური წერილითაც მიმართა.
საია საგამოძიებო სამსახურისგან ითხოვს შემდეგ ინფორმაციას:
- დაწყებულია თუ არა გამოძიება, თუ დაწყებულია, რომელი მუხლით;
- თუ არ არის დაწყებული, რა აბრკოლებს გამოძიების დაწყებას;
- რატომ არ არის ცნობილი დაზარალებულად მზია ამაღლობელი ამ დრომდე?
- რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ მომხდარი არასათანადო მოპყრობა გამოძიებული იყოს.
“დღეს გავრცელებულ განცხადებაში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ისევ არაფრის მომცემ მონაცემებს აწვდის საზოგადოებას ნოემბერ-დეკემბერში აქციების მიმდინარეობისას დაზარალებული აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების საქმეებზე. გამოძიება ისევ არ მიმდინარეობს წამების მუხლით.
ამ დროისათვის ისევ არცერთი პირის მიმართ არ არის დაწყებული სისხლის სამართლის დევნა. საინტერესოა ისიც, მოითხოვა თუ არა სახალხო დამცველმა ამ საქმეების მასალებზე წვდომა და თუ შეისწავლა, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე”, – წერს საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მაგრამ უწყებისგან ინფორმაციის მიღება ვერ მოვახერხეთ.
15 იანვარს ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიაში მოინახულა. ამაღლობელი ქურდოვანიძეს მოუყვა დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ.
“მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა.
ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება”, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.