ახალი ამბები

5 ევროპარლამენტარი ივანიშვილისა და კობახიძის პერსონალურ სანქცირებას მოითხოვს

17 იანვარი, 2025 •
5 ევროპარლამენტარი ივანიშვილისა და კობახიძის პერსონალურ სანქცირებას მოითხოვს

ხუთი ევროპარლამენტარი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სანქცირებას მოითხოვს. ისინი შესაბამისი წინადადებით მიმართავენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და რეგიონულ ორგანიზაციებს.

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით მათ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ არ აღირებენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. აქვეა აღნიშნული, რომ ისინი ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ.

“შოკირებული ვართ ინფორმაციით, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გახდა ძალადობრივი შეურაცხყოფის ობიექტი ბათუმში, სასტუმროში, საიდანაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმ მზარდი ძალადობისა, რომელიც ორკესტრირებულია “ქართული ოცნების” მიერ და მიმართულია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ჩვენ ვდგავართ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების გვერდით, რომლებიც უკვე 50 დღეა, ყოველ საღამოს, საქართველოს ქუჩებში დემონსტრაციებს მართავენ საქართველოს დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის.

საქართველო ბევრი წლის განმავლობაში იყო ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი, ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერით ამ არჩევანის მიმართ. ეს არ შეცვლილა. რაც შეიცვალა, არის ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” უარყო ქართველები, მათი მომავალი და აღარც კი აჩვენებს, რომ მათ სურთ ევროპული დემოკრატია საქართველოსთვის.

საქართველოში გაუარესებული სიტუაცია უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ჩვენ ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არის ქართველი ხალხის ნების ერთადერთი აშკარა, ლეგიტიმური წარმომადგენელი. ჩვენ არ ვაღიარებთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რადგან ის გაყალბდა და ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ორგანოს [“ქართული ოცნების” პარლამენტი] მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ყველა მის წევრს, წარადგინონ სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის უკუსვლაზე, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ისინი უერთდებიან მოთხოვნას საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • დეივიდ მაკალისტერი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • სერგეი ლაგოდინსკი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;
  • ნილს უშაკოვსი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე;
  • რასა იუნკევიჩუანე, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მუდმივმა მომხსენებელი;
  • ნტონიო ლოპეზ-ისტურიზ უაითი, 2024 ევროპარლამენტის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი