ახალი ამბები

დებატები თბილისის საკრებულოში

29 ოქტომბერი, 2010 • • 1223
დებატები თბილისის საკრებულოში

თბილისის საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე დამტკიცებული სამარშუტო ტაქსების მუშაობის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი, ოპოზიციონერი საკრებულოს წევრების აზრით, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებაა. დედაქალაქის შესახებ კანონის მიხედვით, ტრანსპორტით სარგებლობის წესებს, მერის წარდგინებით, თბილისის საკრებულო ადგენს.

დედაქალაქის შესახებ კანონის 12-ე მუხლის ტ ქვეპუნქტი საკრებულოს სხდომაზე მოწვეულმა თბილისის მერიის იურისტმა განმარტა. მისი თქმით, საკრებულოს მიერ წესების დადგენა საკრებულოს ორი სახის გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას აძლევს.

საკრებულოს შეუძლია, თბილისის მერიას დაავალოს კონკურსის შემუშავების პირობების დადგენა და შემდეგ მან გადაწყვიტოს ამ წესების დამტკიცება-არდამტკიცება, ასევე საკრებულოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ორივე საქმე თბილისის მთავრობას გადააბაროს.

მერიის იურისტის თქმით, ორივე ინტერპრეტაცია კანონიერია და საკრებულოს გადასაწყვეტია, რომელს დაუჭერს მხარს.

იურისტის განმარტების შემდეგ, სხდომაზე მწვავე დებატები გაიმართა. უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სატრანსპორტო საქმიანობაში მათი დაბალი კომპეტენციის გამო, უკეთესი იქნება, თუ წესების შემუშავებასა და დამტკიცებას საკრებულო მერიას გადასცემს.

საკრებულოს ოპოზიციური ნაწილმა კი ეს საკრებულოს კანონით მინიჭებული უფლებების დელეგირებად შეაფასა. ფრაქცია დედაქალაქის თავმჯდომარე კობა დავითაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო სხდომაზე, რომელმაც  უმრავლესობის მოსაზრებას მხარი არ დაუჭირა და თქვა, რომ ამით საკრებულო თავის კომპეტენციაზე იტყვის უარს, რადგან ტრანსპორტით სარგებლობის წესების დადგენა მისი კანონით დადგენილი მოვალეობაა.

დავითაშვილი და სხვა ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლები მხარს მეორე მოსაზრებას უჭერდნენ, რომლის მიხედვითაც, ნებართვის გაცემის წესების შემუშავებას საკრებულო მერიას დაავალებდა, ხოლო ამ წესების დამტკიცების უფლებას დაიტოვებდა.

საკრებულომ ორივე მოსაზრებას უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად, 32 ხმით 5-ის წინააღმდეგ, ნებართვის წესის შემუშავება და დამტკიცება თბილისის მერიას დაევალა.

საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ დავითაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას, როგორც კანონთან შეუსაბამოს, სასამართლოში გაასაჩივრებს.

მისი თქმით,  ამ საკითხის გადაწყვეტაში საკრებულოს ფუნქცია მნიშვნელოვანია და მას ეს უფლება კანონით აქვს მინიჭებული.

,,ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ნებართვის გაცემის წესი, რამდენ ლოტად გაიცემა, თუ ერთ ლოტად მოხდა, ამის წინააღმდეგი ვიქნები, რადგან ეს ნიშნავს, რომ თბილისის მთავრობა სამარშუტო ტაქსების მართვის უფლებას ერთ კომპანიას მისცემს. ეს კი ამ ბაზრის მონოპოლიზაციას გამოიწვევს’’, – ამბობს დავითაშვილი.

საკრებულოს ერთ-ერთი ოპოზიციონერი წევრი თინა ხიდაშელი ამ საკითხის განხილვის გადადებას მეორე სხდომისთვის ითხოვდა. მისი აზრით, თბილისი მერიამ ქალაქის ტრანსპორტის განვითარების მთლიანი ხედვა უნდა წარმოადგინოს.

,,თბილისელებმა არაფერი არ ვიცით საქალაქო ტრანსპორტის შესახებ, გამოგვიკრეს ავტობუსებში, რომ ეს ხაზი უქმდება, მერის ახალი ინიციატივით, ტრამვაის ამუშავებას აპირებენ ისევ. ეს ყველაფერი ერთმანეთს როგორ უკავშირდება, არ ვიცით. ტრანსპორტის სამსახურმა უნდა წარმოადგინოს ხედვა, თუ რას აპირებენ, თავისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში როგორ წარმოუდგენიათ სატრანსპორტო სფეროს განვითარება. წინააღმდეგ შემთხვევაში,  არ მესმის, როგორ უნდა მივცე ხმა ამ წამოწყებას’’, – განაცხადა ხიდაშელმა.

ქ.თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საკითხი საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ წარადგინა.

მისივე თქმით, დღეს თბილისში 198 სამარშუტო ტაქსი მოქმედებს, კონკურსის შემდეგ კი მათი რიცხვი 220-მდე გაიზრდება. ჯოხაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ის მძღოლები, რომლებიც ამჟამად დასაქმებული არიან ამ სფეროში, სამსახურს არ დაკარგავენ.

,,რა ფორმითაც არ უნდა ჩატარდეს კონკურსი, ნებისმიერ შემთხვევაში, კონკურსის პირობა პირველ რიგში იმ მძღოლების დასაქმება იქნება, რომლებიც დღეს არიან დაკავებული ამ საქმით’’, – ამბობს ჯოხაძე.

ჯოხაძის თქმით, თბილისში ავტობუსების რიცხვიც მცირდება. 125 ავტობუსიდან თბილისში სამუშაო ხაზზე 92 დარჩება. ჯოხაძის განცხადებით, ხაზების შემცირება 1 ნოემბრიდან მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი