ახალი ამბები

ახალი საინფომაციო პორტალი დევნილებისა და ლტოლვილებისთვის

29 ოქტომბერი, 2010 • 1503
ახალი საინფომაციო პორტალი დევნილებისა და ლტოლვილებისთვის

დღეს თბილისში, სასტუმრო ამბასადორში, დევნილი და ლტოლვილი მოსახლეობისთვის შექმნილი სიანფორმაციო პორტალ idpclub.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის დაწყებამდე „ამბასადორის“ ფოიეში  პანკისში ჩასახლებული ჩეჩენი ლტოლვილებისა და  შიდა ქართლში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს.

აღნიშნული საინფორმაციო პორტალი შეიქმნა პროექტის – „საზოგადოებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა“ – ფარგლებში, რომელიც გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა (გლუკი) და World Vision Austria-ს მიერ ფინანსდება. პროექტი განახორციელა World Vision– საქართველომ.

პროექტის მენეჯერმა ირინა სიგუამ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ „პროექტი მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს ხელმისაწვდომობა განათლებასა და საცხოვრებელ პირობებზე, კომპიუტერის შესწავლით, დისტანციური სწავლების, გადასამზადებელი ტრენინგების, შემოსავლების მომტანი შესაძლებლობებისა და სამეწარმეო უნარების ხელშეწყობით“.

ირინა სიგუას თქმით, World Vision–საქართველო შიდა ქართლში ჩასახლებულ დევნილებთან 2008 წლის შემოდგომიდან თანამშრომლობს. ამ რეგიონში განთავსებულ დევნილთა კომპაქტურ  დასახლებებში შეიქმნა 9 საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც 3500 დევნილს ემსახურება. დამატებით ორი ცენტრი პანკისის ხეობაში გაიხსნა. აღნიშნულ ცენტრებში მოსახლეობა სხვადასხვა ხელობასა და სპეციალობას ეუფლება. მაგალითად, დევნილ მოსახლეობას აქ შეასწავლეს IT ინჟინერია, კომპიუტერული საოფისე პროგრამები, ინგლისური ენა, პროექტების წერა, თიხის, მატყლისა და თექისგან ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ა.შ. ირინა სიგუას ინფორმაციით, წლის ბოლომდე ბენეფიციართა რაოდენობა 1300-ს მიაღწევს.

World Vision-ის საზოგადოებრივ ცენტრებში უახლოეს მომავალში განთავსდება დამატებითი კომპიუტერები, რათა მოსახლეობამ უფრო აქტიურად შეძლოს ინტერნეტრესურსების გამოყენება და ხელი მიუწვდებოდეთ idpclub.ge-ზე გამოქვეყნებულ მათთვის განკუთვნილ ინფორმაციაზე.

საინფორმაციო პორტალზე, ძირითადად, განთავსდება ინფორმაცია დასაქმებაზე (ვაკანსიები), CV-ის და სამოტივაციო წერილის ნიმუშები, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების, გრანტების და ფინანსების სხვადასხვა წყაროების, ახალი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ, რჩევები და რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის კუთხით, ბიზნეს-გეგმის ნიმუში და დევნილებისთვის სასარგებლო სხვადასხვა ვებ-გვერდების ბმულები. პორტალზე რეგულარულად გამოქვეყნდება ყველა ის კანონი და ოფიციალური დოკუმენტი, რაც დევნილებსა და ლტოლვილებს შეეხება.

ვებგვერდზე არსებული ფორუმი უმასპინძლებს დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს და სააგენტოებს, სადაც ისინი შეძლებენ, ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, გამოცდილება და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე.

idpclub.ge-ზე ასევე განთავსდება მონაცემთა ბაზები იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც დევნილთა საკითებით არიან დაკავებული და ამ სფეროში მოღვაწეობენ. ეს საქმეს გაუმარტივებს ჟურნალისტებს. ინფორმაცია მათთვისაც გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება.

ირინა სიგუას თქმით, დღემდე ამ ორგანიზაციებს შორის ნორმალური კონტაქტი არ არსებობდა და ისინი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ხშირად ერთსა და იმავე საქმეს აკეთებდნენ. ახლა კი კოორდინირებული საქმიანობით და ერთობლივი პროექტების დახმარებით, მას იმედი აქვს,  რომ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებენ.

Image 2516
Image 2516

მასალების გადაბეჭდვის წესი