400-ლარანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების, 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილისა და 23 წლის საბა მეფარიშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო. მხარეები საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ.
დღეს პროკურორი და ადვოკატები დასკვნითი სიტყვებით უნდა წარმდგარიყვნენ სასამართლოს წინაშე, თუმცა მოსამართლე ნათია გუდაძემ მხარეებს შეახსენა, რომ მათ ჰქონდათ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა. პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ განაცხადა, რომ დაცვის მხარეს ამ მოთხოვნით მათთვის არ მიუმართავს.
ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატებმა, დავით სანაძემ და დავით გამყრელიძემ განაცხადეს, რომ ისინი განხილავენ ამ შესაძლებლობას. რაც შეეხება საბა მეფარიშვილს, რომელსაც ამ ეტაპზე ადვოკატი არ ჰყავს, არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა დათანხმდა, რომ სხდომა გადაიდოს და ომარ ოკრიბელაშვილს მიეცეს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების შესაძლებლობა.
იმ შემთხვევაში, თუ მეფარიშვილიც გადაწყვეტს მოლაპარაკებების წარმოებას, ჩაერთვება ამ პროცესში. სანაძე და გამყრელიძე მზად არიან, ოკრიბელაშვილთან ერთად მეფარიშვილის სახელითაც აწარმოონ მოლაპარაკებები. გარდა ამისა, მოსამართლემ მას შეახსენა, რომ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სახელმწიფო სავალდებულო ადვოკატის მხარდაჭერითაც.
პროკურორ ნუგზარ ჭიტაძეს უნდოდა დასკვნითი სიტყვა დღევანდელ სხდომაზევე წარმოეთქვა – მისი თქმით, თუ შეთანხმება ვერ მოხდებოდა, პოზიცია წინმსწრებად ექნებოდა დაფიქსირებული, რაც არსებითი განხილვის დროს შეამცირებდა. დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არ იყო წინააღმდეგი მოესმინათ პროკურორის დასკვნითი სიტყვა. თუმცა საპროცესო შეთანხმების დაწყებამდე ეს მიზანშეუწონლად მიაჩნდათ, ამიტომ, მოსამართლეს სთხოვეს სხდომა გადაედო.
მოსამართლე ნათია გუდაძემ გადაწყვიტა, არ მოესმინა პროკურორის დასკვნითი სიტყვა და სხდომა დახურა.
წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, მომდევნო სხდომა 17 იანვარს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა ადვოკატებმა კიდე უფრო გადადება ითხოვეს, რათა საპროცესო მოლაპარაკებებისთვის საკმარისი დრო ჰქონოდათ. ამ ინიციატივას დაეთანხმა როგორც პროკურორი, ისე საბა მეფარიშვილიც. მომდევნო სხდომა 20 იანვარს, 12:00 საათზე ჩატარდება.
იმ შემთხვევაში, თუ საბა მეფარიშვილი საბოლოოდ უარს იტყვის საპროცესო მოლაპარაკებების დაწყებაზე, მაშინ საქმე გაიყოფა – მის ნაწილს მოსამართლე არსებითად განიხილავს, ოკრიბელაშვილი კი შეთანხმებას შეეცდება.
სხდომაზე და მის შემდეგაც, როგორც პროკურორმა ისე ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების დაწყება არ არის შეთანხმების გარანტია. თუ ვერ შეთანხმდებიან, საქმე ორივე დაკავებულის შემთხვევაში არსებითი განხილვით დასრულდება.
ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 16 მაისს დააკავეს. პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში არსებული რკინის ჯებირზე, რომელიც პარლამენტის შესასვლელთან იყო დამაგრებული. ჯებირი ღირებულება 250 ლარი იყო, მისი შეკეთება კი უწყებას 150 ლარი დაუჯდა. სახელმწიფოსთვის მიყენებული, ჯამში, 400-ლარიანი ზიანის გამო, რომელიც უკვე ანაზღაურებულია, ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ისინი ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ – ამბობენ, რომ ჯებირი დააზიანეს, თუმცა უარყოფენ ჯგუფურად მოქმედებას. ადვოკატები მოითხოვდნენ, ერთი მხრივ, მათ ბრალდებას მოეხსნას ჯგუფურობის კვალიფიკაცია, მეორე მხრივ კი, მოსამართლემ გაითვალისწინოს ბრალდებულთა ასაკი, კონტექსტი, წარსული საქმიანობა და განუსაზღვროს მიყენებული ზიანისა და ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისი სასჯელი.
ამავე თემაზე: