ახალი ამბები

ახალი ინიციატივა ორი ტიპის რეზერვის შესახებ

29 ოქტომბერი, 2010 •
ახალი ინიციატივა ორი ტიპის რეზერვის შესახებ

თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები ახალ ინიციატივაზე ორი ტიპის რეზერვის შექმნის შესახებ ერთდროულად იმუშავებენ.  ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გასვლით სხდომაზე, ვაზიანში გახდა ცნობილი.

ინიციატივის თანახმად, ერთი იქნება საარმიო რეზერვი, რომელსაც სახმელეთო ძალების წარმომადგენლები მოამზადებენ, ხოლო მეორეს, საგანგებო სიტუაციების მართვასა და ტერიტორიულ-ლოჯისტიკური საკითხებზე მუშაობა დაევალება. მეორე რეზერვს ამჟამინდელი გვარდიის გარდაქმნის, სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციების გაზრდის შედეგად მიღებული დეპარტამენტი მოამზადებს.

,,გვარდიის დეპარტამენტი უნდა აღიჭურვოს სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციებით; სამხედრო რეზერვის სისტემას, რომელსაც აქამდე გვარდიის დეპარტამენტი აკეთებდა, უკვე აკეთებს შეიარაღებული ძალების სახმელეთო სარდლობა. მოქმედი ბრიგადები და ბატალიონები თვითონ ამზადებენ რეზერვისტებს, რაც ხარისხობრივად უფრო კვალიფიციური მომზადებაა, რაც უფრო დიდ შედეგს მისცემს როგორც სამხედრო დანაყოფს, ისე რეზერვისტებს,“ – ამბობს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია.

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ეს სამოქალაქო თავდაცვის სისტემის, პრაქტიკულად, თავიდან შექმნას ნიშნავს, რადგან ასეთი სისტემა ჩვენთან თითქმის არ არსებობს.

ინიციატივის განხორციელებისათვის საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი ჯგუფი იმუშავებს.  

გასვლითი სხდომა ვაზიანში გუშინ გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი