საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი ხვალ, 23 დეკემბერს, ტელევიზიის შენობასთან პრესკონფერენციას გამართავს. მათი პოზიციაა, რომ მაუწყებლის ეთერი, მათ შორის დღის საათებში, უნდა დაეთმოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიას. ისინი აცხადებენ, რომ ამ მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს მეუწყებლის მენეჯმენტს, თუმცა უშედეგოდ.
“მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი ღიად მოვუწოდებთ და ვთხოვთ არხის მენეჯმენტს, რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ და კრიზისულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მსჯელობისთვის.
მიმდინარე მოვლენები გვავალდებულებს სატელევიზიო ეთერი დაეთმოს სწორედ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და არა ფილებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ დღევანდელ რეალობასთან. მზად ვიყავით და ახლაც ვართ, რომ მენეჯმენტთან ერთად პროაქტიულად ვიმუშაოთ ამ სატელევიზიო ფორმატების და ეთერების შინაარსობრივი და ტექნიკური ორგანიზებისთვის.
ვიცით, რომ ნების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამის ტექნიკურად უზრუნველყოფის საშუალება. სამწუხაროდ, ჩვენს არაერთ საჯარო მიმართვასა თუ ოფიციალურ წერილს არ მოჰყვა საქმიანი და არგუმენტირებული გამოხმაურება მენეჯმენტის მხრიდან.
სატელევიზიო პირდაპირი ეთერის მოთხოვნაზე სიტყვიერი უარის შემდეგ გაგზავნილ ოფიციალურ წერილზეც გაურკვეველი პასუხი მივიღეთ. ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი, ვიაზრებთ ჩვენს როლს და პროფესიულ ვალდებულებას ზოგადად და განსაკუთრებუთ ქვეყნისთვის ამ რთულ დროს.
გვჯერა, რომ პროცესების მიუკერძოებელი და სრულფასოვანი გაშუქება და გაანალიზება ჩვენი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალია. მიგვაჩნია, რომ გვაქვს ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან, რომ ყოველი ჩვენი მომდევნო ნაბიჯი თუ გეგმა ამ პროცესში იყოს საჯარო”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად, მოქალაქეები აქციებს მართავდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ისინი მოითხოვდნენ, მაუწყებლის ეთერი დათმობოდა საზოგადოებას – სრულად და ობიექტურად გაშუქებულიყო ის მოთხოვნები, რაც ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს აქვს. გარდა ამის, მოთხოვნებს შორის იყო მენეჯმენტის გადადგომა.
ეს უკანასკნელი მოთხოვნა შეუსრულებელია, თუმცა მოქალაქეების პროტსეტმა ეთერის დათმობასთან დაკავშირებით შედეგი გამოიყო – მაუწყებელი “საგანგებო ეთერის” სახელწოდების ფორმატში, პერიოდულად, საღამოს საათებში, დროს უთმობს პროტეტსის მონაწილეებს.