თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ეხმაურება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ.
ისინი “ოცნებას” მოუწოდებენ, გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ და დაიცვას ქვეყნის კონსტიტუცია.
“მიგვაჩნია, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული, უალტერნატივო გზაა. ამ გზის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია ჯერ კიდევ 2005 წლიდან ბოლონიის პროცესთან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის მჭიდრო ინტეგრირება.
ამ და სხვა მრავალი გარემოებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს ევროპული ინტეგრაციისკენ მიმართული თაობათა მრავალწლიანი ძალისხმევა და, შესაბამისად, დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის 78 – ე მუხლი: „საქართველოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”, – აცხადებენ თსუ-ს ლექტორები.
განცხადებას ხელს აწერენ [სია განახლებადია]:
24.ნანული ტალახაძე – ასოცირებული პროფესორი
ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ამავე უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა.
“თსუ-ის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები ვიაზრებთ რა ევროპული ცნობიერებისა და ღირებულებების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებების აღზრდაში საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს, ვემიჯნებით ყველა იმ გადაწყვეტილებასა თუ ქმედებას, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის”, – წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროტესტს უერთდება ბათუმის სახემწიფო უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილიც.
“ახლა ქვეყნის ინტერესების დაცვის დროა!”, – აცხადებენ პროფესორ-მასწავლებლები აჭარიდან.
“ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების თაობაზე, რასაც გუშინ, 28 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. დააკავეს 43 მოქალაქე, სცემეს და დააზიანეს 40-მდე ჟურნალისტი.
მოქალაქეები საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
ქვეყნის ანტიკონსტიტუციურ მთავრობას პროტესტი გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 130-ზე მეტმა თანამშრომელმა და ელჩმა.
გაფიცულია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი.