ახალი ამბები

კობახიძე “ლიბერალური ტენდენციების” აღმოსაფხვრელად, განათლების რეფორმას აანონსებს

28 ნოემბერი, 2024 •
კობახიძე “ლიბერალური ტენდენციების” აღმოსაფხვრელად, განათლების რეფორმას აანონსებს

ირაკლი კობახიძემ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, საპარლამენტო მოსმენაზე განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. სასკოლო განათლებაზე საუბრისას იგი შეეხო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და  სახელმძღვანელოების ცვლილებას და ფუნდამენტური რეფორმა დააანონსა.

კობახიძე ამტკიცებს, რომ 2004 წლიდან “ძალიან სერიოზული ძალები” ცდილობდნენ განათლების სისტემაში მანკიერებებისა და ე.წ. ლიბერალური ტენდენციების ჩანერგვას. მისი თქმით, ამის აღმოსაფხვრელად შეიცვალა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. შემდეგი ნაბიჯები სასკოლო განათლების, მათ შორის, სახელმძღვანელოების მთლიანად შეცვლა იქნება.

“გამოვლინდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც უკავშირდება სახელმძღვანელოებიდან და სასწავლო პროგრამიდან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ამოღებას. კონკრეტულად, ქართულ ლიტერატურას ეხებოდა ეს ყველაფერი და საქართველოს ისტორიას, რაც მიანიშნებს, ზოგადად, იმ მანკიერებაზე, რაც ამ სისტემაში იყო დანერგილი. ეს ყველაფერი არის იმ ე.წ. ლიბერალური ტენდენციების გამოვლინება, რომელიც საქართველოში ღრმად იდგამდა ფესვებს 2004 წლიდან მოყოლებული. განსაკუთრებით, ეს ტენდენცია საგრძნობი იყო განათლების სფეროში.

ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რომ ეროვნული სასწავლო პროგრამის შედგენისას მაქსიმალურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები დაეკნინებინათ, ბავშვების აღქმაში პატრიოტიზმის მნიშვნელობა და ეროვნული იდენტობის აღქმის მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ეს მანკიერება არის მთლიანად აღმოსაფხვრელი ზოგადი განათლების სისტემაში. ამაზე ზრუნვა უკვე არის დაწყებული. პირველი დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ, ეს იყო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება სწორედ ამ ღირებულებებს: ეს არის სწორედ, პატრიოტიზმი, ეს არის ეროვნული იდენტობის პატივისცემა, ადამიანის პიროვნული იდენტობის პატივისცემა და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა, სასწავლო პორგრამები, სახემძღვანელოები. აქ გვჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, რაზეც მუშაობა არის დაწყებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, საზოგადოების ჩართულობა ამ პროგრამის განხორციელებაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრს მოლოდინი აქვს, რომ ამ პროცესში შეხვდება წინააღმდეგობები იმ ადამიანებისგან, ვინც, მისი მტკიცებით, აქამდე სასკოლო განათლებაში “არასწორი ტენდენციების” დამკვიდრებას ცდილობდნენ. კობახიძე არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობს და ახსენებს ფრაზას “ძალიან სერიოზული ძალები”.

მოსალოდნელი წინააღმდეგობის მიუხედავად, კობახიძე აცხადებს, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა სასწავლო პროგრამები დაეფუძნოს იმ იდეებს, რასაც “ქართული ოცნება” მიიჩნევს სწორად და მნიშვნელოვნად.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი