ახალი ამბები

ხაზარაძე: „ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი რუსეთის უპირობო მორჩილებით დაამახსოვრა“

27 ნოემბერი, 2024 •
ხაზარაძე: „ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი რუსეთის უპირობო მორჩილებით დაამახსოვრა“

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას.

ხაზარაძის თქმით, არ აპირებს კანდიდატის პიროვნულ თვისებებზე საუბარს. იგი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ამჟამად პრეზიდენტის ინსტიტუტის მიტაცებასაც ცდილობს და ხაზს უსვამს, რომ მისი კოალიცია „ოცნებასთან“ არ ითანამშრომლებს.

„დღეს რუსულმა ძალამ საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, არჩევნების გაყალბებისა და მიტაცების შემდეგ, კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა – არალეგიტიმური პარლამენტის ფორმირების შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტი მიიტაცა.

ყაველაშვილის პიროვნულ თვისებებზე არაფერს ვიტყვი, არც პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუსაბამო უნარ-ჩვევებზე შევჩერდები – ეს საზოგადოებამ შეაფასოს. მხოლოდ ერთს აღვნიშნავ – ერთადერთი, რითაც მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, ეს არის რუსეთის უპირობო მორჩილება და რუსული კანონი, რომლის ავტორიც და უპირობო დამცველიც ის და მისი პოლიტიკური დაჯგუფებაა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ არ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ისეთ ძალასთან, რომლის პრიორიტეტი არ არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. ჩვენი ვალია, არ მივცეთ მათ იმის საშუალება, რომ ბოლომდე მიიყვანონ მზაკვრული გეგმა, ქვეყნის სუვერენიტეტის ნგრევის, რუსეთის სამსახურში ჩაყენების, ანტიეროვნული პოლიტიკის განხორციელების, რისი შედეგიც არის ასობით ათასი ემიგრანტი. ეს არის რუსული პოლიტიკა – საქართველო ქართველების გარეშე! მე და ჩემი თანაგუნდელები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ ამ მტრულ გეგმას და არ მივცეთ მოღალატე ხელისუფლებას მისი განხორციელების საშუალება“, – წერს ხაზარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი