“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, კოალიციამ ცესკოს განცხადებით მიმართა საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით.
როგორც მან განაცხადა, ცესკოს პასუხის შემდეგ კოალიციის ის წევრები, რომლებიც გამსვლელ სიაში არიან, პარლამენტს ინდივიდუალურადაც მიმართავენ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით.
“ჩვენ ვიბრძვით, არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ და ეს პარლამენტი ვერ შედგება, თუ ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. ჯერ უნდა გაუქმდეს პარტიული სიები და მას შემდეგ ინდივიდუალურად მივმართავთ პარლამენტს, რომ მანდატები გაუქმდეს. პროცედურულად ასეა. 2020 წელსაც ასე მოვიქეცით და არცერთი დღე ამ პარლამენტში არ გაგვიტარებია. დღეს ჩვენი პოზიცია არის უფრო მტკიცე, ასეთია საერთაშორისო პოზიციაც. არ იარსებებს პარლამენტი, რომელსაც არ აღიარებს არც ოპოზიცია, არც საერთაშორისო საზოგადოება, არც ხალხი. იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც მთელი ღამე გაათენეს აქ, იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა საპატიმროებში არიან, უნდა იცოდნენ, რომ ოპოზიციის სახით მათ მყარი კედელი ჰყავთ”, – ამბობს ელენე ხოშტარია.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განმარტა, რომ თუ კოალიცია ჯერ სიას არ ჩახსნის და პირდაპირ პარლამენტს მიმართავს ინდივიდუალური მანდატების გასაუქმებლად, შეიძლება მანდატი, რომელიც გათავისუფლდება, სიიდანვე ჩანაცვლდეს. ამიტომ, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ჯერ სიების ჩახსნა, ხოლო შემდეგ მანდატის მქონე ადამიანების მხრიდან ინდივიდუალური განცხადებების დაწერა პარლამენტში.
“ცესკოს აქვს სამი დღე, იმისთვის, რომ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე გაგვცეს პასუხი. თუ ამ დროში პასუხს არ მივიღებთ, ავტომატურად ჩაითვლება, რომ სიები ჩახსნილია. ამის შემდეგ დაიწყება ინდივიდუალური განცხადებების პროცედურები”, – აღნიშნავს მაია კოპალეიშვილი.
წინა მოწვევის პარლამენტის პრაქტიკიდან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა “ქართული ოცნება” ოპოზიციონერების განცხადებებს მანდატების დატოვებაზე. ელენე ხოშტარიას და ზურა ჯაფარიძეს წინა პარლამენტმა ასეთი მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. მათ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი გაასაჩივრეს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის. “ქართული ოცნების” ლიდერები ახლაც არ ამბობენ, აპირებენ თუ არა დაუკმაყოფილონ ოპოზიციონერებს განცხადებები.