ახალი ამბები

ჩემოდნები ივანიშვილისთვის – ქალების მარში თბილისში

24 ნოემბერი, 2024 •
ჩემოდნები ივანიშვილისთვის – ქალების მარში თბილისში

თბილისში, თავისუფლების მოედნიდან დაიწყო ქალების მარში. მარშის მონაწილეები ივანიშვილის შუშის სასახლისკენ მიემართებიან.

„ბიძინა წადი, მე ვრჩები“, – საპროტესტო მარშზე ქალები ამ სლოგანიანი ჩემოდნებით მივიდნენ და ასე უპასუხეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, როცა მან თქვა, რომ ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს, შეუძლია უცხოეთში წავიდეს.

„თუ ვინმე უნდა წავიდეს საქართველოდან ეს არის პუტინის ბატონყმა ივანიშვილი, ჩვენ აქ ვრჩებით.

12 წელია ბატონყმა ივანიშვილმა ვერ გაიგო, რომ რუსული ოცნებები საქართველოში არ სრულდება. ამიტომ ასეთი შემართებით გავაგრძელოთ და მივუტანოთ ეს ჩემოდნები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ალაგდნენ და ჩალაგდნენ და წავიდნენ ამ ქვეყნიდან“-ამბობს საპროტესტო აქციის მონაწილე.

„ქალებს გვიბრძოლია ამ ქვეყნისთვის 90-იანი წლებში და ქალები ვიბრძვით დღეს, ჩვენ აქ, რამდენიმე ათასი ადამიანი აქ დგომით ვიცავთ ამ ქვეყნის მომავალს და ჩვენ ვიქნებით დასაწყისი ახალი საქართველოსი და ჩვენ არ დავუშვებთ გაყალბებულ არჩევნებს“-ამბობენ საპროტესტო აქციის მონაწილე ქალები.

საპროტესტო აქციაზე მყოფი ქალები ასევე საუბრობენ იძულებით ემიგრაციაზე, რომელიც არ არის არცერთი ქალის არჩევანი, „და როცა შენი მთავრობა გაიძულებს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რომ დატოვო ქვეყანა, ამას ეს მთავრობა უწყობს ხელს. მით უმეტეს ამ გაყალბებული არჩევნების ფონზე, რომელიც იყო ერთადერთი იმედი ემიგრაციაში წასული ხალხის, რომ გაიმარჯვებდა სიმართლე და ისინი უკან დაბრუნდებოდნენ“-ამბობს საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

 

ქალების მარშის გარდა, დღეს, 17:00 საათზე, გაიმართება პროფესორ-მასწავლებლების მარში ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტიდან ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტამდე.

21:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და ღამით დარჩებიან.

25 ნოემბერს, 09:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან გაიმართება აქცია “დაიბრუნე ხმა.


როგორც ცნობილია, 25 ნოემბერს “ქართული ოცნება” გეგმავს პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებასა და საკუთარი უფლებამოსილების ცნობას. პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა.

არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 34-მა დეპუტატმა. კონსტიტუციონალისტების განცხადებით, სანამ სასამართლო სარჩელს არ განიხილავს, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი