ახალი ამბები

ოპოზიციამ საზოგადოებას 24 და 25 ნოემბრის სამოქმედო გეგმა წარუდგინა

23 ნოემბერი, 2024 •
ოპოზიციამ საზოგადოებას 24 და 25 ნოემბრის სამოქმედო გეგმა წარუდგინა

საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის) საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა გააცნეს.

ამ გეგმის თანახმად, 24 ნოემბერს, 21 საათზე თბილისში რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციას გამართავენ. ეს აქცია მსვლელობით გადაინაცვლებს რუსთაველზე, პარლამენტისკენ, სადაც მომიტინგეები გიორგი ვაშაძის თანახმად, ღამეს გაათევენ. 25 ნოემბრის დილით, როგორც ცნობილია, პარლამენტი აპირებს პირველი სხდომის ჩატარებასა და საკუთარი უფლებამოსილების ცნობას. პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა.

24 ნოემბერს, გიორგი ვაშაძის განაცხადებით, თბილისში რეგიონებიდანაც ჩამოვლენ საპროტესტოდ განწყობილი მოქალაქეები და ამავე საღამოს ავტომობილებით თბილისის მასშტაბით ჩატარდება მსვლელობები, რათა “გამოაფხიზლონ მთელი თბილისი”.

ვაშაძის თქმით, თუ ამის შემდეგ, 25 ნოემბრის დილას “ქართული ოცნება” მაინც გადაწყვეტს პარლამენტში შეკრებას, ეს იქნება “თვითგამოცხადებული თავყრილობა, რომელსაც არაფერი ექნება საერთო პარლამენტთან და კონსტიტუციასთან”. მანვე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა ორშაბათს შვებულებები აიღონ და ეს დღე სამშობლოს მიუძღვნან.

“გმირთა მოედანზე” მიმდინარე აქციიდან მოქალაქეებს ასევე მიმართეს ელენე ხოშტარიამ და თინა ბოკუჩავამ. მათ მოქალაქეებს აქციებში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ “ქართული ოცნება” იზოლაციაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მთავრობას ლეგიტიმაცია არ ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი