ახალი ამბები

იქნება თუ არა კანონიერი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა? – კონსტიტუციონალისტის განმარტება

22 ნოემბერი, 2024 •
იქნება თუ არა კანონიერი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა? – კონსტიტუციონალისტის განმარტება

კონსტიტუციონალისტის, ილიაუნის პროფესორის, კოტე ჩოკორაიას განცხადებით, არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც აჩერებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას.

მისივე თქმით, მაშინ, როცა ხელისუფლებამ XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს დანიშნა, მან კონსტიტუციის ლოგიკა გამოიყენა, მაგრამ როცა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა სურს, კონსტიტუციის ლოგიკას არ იყენებს.

“ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ახლა ხდება, არის პარლამენტის პირველი შეკრება და მისი უფლებამოსილების ცნობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც აჩერებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას. თვითონ პარლამენტის რეგლამენტი და კონსტიტუციის ლოგიკაც ამბობს ამას, რომ თუ პირის არჩევის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მანამდე პარლამენტის უფლებამოსილებას ვერ ცნობენ. ამ ეტაპზე გასაჩივრებულია 150-ივე პარლამენტარის საკითხი და ეს ადამიანები ვერ იქნებიან იმ სიაში, რომლითაც პარლამენტი უნდა ცნონ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ამაზე საუბარი რთულია, არ გვაქვს დიდი მოლოდინი მისი დამოუკიდებლობის, მაგრამ სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ყველაფერს უგულებელყოფს. მაშინ, როცა 25 ნოემბერს პირველი სხდომა ჩანიშნეს, მათ კონსტიტუციის ლოგიკა გამოიყენეს, მაგრამ როცა უფლებამოსილების ცნობა სურთ, კონსტიტუციის ლოგიკას არ იყენებენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ რაზეა საუბარი, როცა არჩევნები დამოუკიდებელი, თავისუფალი და ფარული პრინციპით არ ჩატარებულა”, – აცხადებს კოტე ჩოკორაია.

ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დალოდებია, „ქართულმა ოცნებამ“ 25 ნოემბერს დანიშნა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და თქვა, რომ ამავე სხდომაზე ცნობდნენ პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას, აირჩევდნენ თავმჯდომარესა და მოადგილეებს, ასევე, კომიტეტის თავმჯდომარეებს.

რეგლამენტის 86-ე მუხლი, რომელზეც კონსტიტუციონალისტები მიუთითებენ, ამბობს:

პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება:

  • ა) გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში;
  • ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.

რას ითხოვს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში?

მასალების გადაბეჭდვის წესი