ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის საქმის სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო. მიზეზი, სავარაუდოდ, ისევ მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ამავე მიზეზით გადაიდო სხდომა 11 ნოემბერსაც.
დაკავებულების ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, სხდომა, რომელიც დღეს, 16:30 საათზე იყო დანიშნული, ხვალ, 22 ნოემბრის, 16:00 საათისთვის გადაიდო. მისი თქმით, სხდომის გადადების საფუძველი მისთვის ოფიციალურად არ განუმარტავთ.
სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა – ხვალ, იმ შემთხვევაში, თუ სხდომა კვლავ არ გადაიდება, სასამართლო განიხილავს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს.
19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი 12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტის დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ჯგუფურად. სხვისი ნივთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში არსებული 400-ლარიანი ჯებირია, რომელიც უწყებას პარლამენტის შესასვლელთან ჰქონდა დამაგრებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.