ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, დავით კირთაძე “კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევის გამო” 500 ლარით დააჯარიმეს. ცესკოს პრესსამსახურის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ავტომატურად გამოიწვევს მის გარიცხვას კომისიიდან. გარდა ამისა, კირთაძეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში არ ექნება ცესკოს არცერთი დონის კომისიის წევრობის უფლება.
კირთაძის წინააღმდეგ საჩივარი ცესკომ შეადგინა. უწყების პოზიციას თბილისის საქალაქო სასამართლოში იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი სანტურიანი წარმოადგენდა. მან განმატა, რაში გამოიხატა კირთაძის მხრიდან კომისიის ფუნქციებში ჩარევა:
“ადგილი ჰქონდა კომისიის საქმიანობაში და ფუნქციებში ჩარევას, რაც გამოხატა იმით, რომ შეფერხდა კომისიის საქმიანობა, ნახევარი საათის განმავლობაში შეწყდა კომისიის სხდომის მიმდინარეობა, კომისიის თავმჯდომარეს არ მიეცა მისი ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა …” ,- განაცხადა სანტურიანმა სასამართლოს დასრულების შემდეგ.
კირთაძის ადვოკატი, ივანე პეტრიაშვილი ფიქრობს, რომ ცესკოს პოზიცია დაუსაბუთებელია. ამის მიუხედავად, სასამართლომ გაიზიარა სანტურიანის პოზიცია და კირთაძე დააჯარიმა.
გარდა ამისა, პეტრიაშვილი ამბობს, რომ ცესკოს სხდომაზე წესრიგის დარღვევის საკითხი უნდა განეხილა თავად ცესკოს. მისი თქმით, ამ პროცესის სასამართლოში გადმოტანის მიზანი კირთაძისთვის ცესკოს წევრობის უფლებამოსილების შეჩერება იყო.
“საქმის სასამართლოში წარმოდგენა ემსახურებოდა მხოლოდ იმ მიზანს, რომ სასამართლოს დაედასტურებინა კირთაძის ქმედებებში სამართალდარღვევის ნიშნების არსებობა, ვინაიდან, სამომავლოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაიწყოს დავით კირთაძისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სარჩელის სასამართლოში წარმოება”, – განაცხადა კირთაძის ადვოკატმა.
16 ნოემბერს ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე დავით კირთაძემ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.
“შენ ხარ ჩვენი ქვეყნის სირცხვილი! შენი რეალური სახე არის შავი ლაქა“ შენ ხარ შავი ლაქა!”, – ასე მიმართა კირთაძემ კალანდარიშვილს.
მოგვიანებით მან განმარტა, რომ ამ ჟესტით სიმბოლურად გამოხატა პროტესტი იმის გამო, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბიულეტენის მეორე მხარეს მარკერის შავი ლაქის კვალი გადმოდიოდა:
“მან ერთხელ თქვა, რომ ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა ის შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანამ დღევანდელი ქმედებით დაამჩნია და იმ არჩევნებით, რომელიც ჩატარდა”, – თქვა კირთაძემ.
თავად კალანდარიშვილმა მომხდარი პროვოკაციად შეაფასა.
“მხოლოდ პირადი თავდასხმებით და ზეწოლით, ასეთი ბულინგით, პირად სივრცეში შეჭრით და აქციებით ცდილობს სხვადასხვა მხარე გადაფაროს ის საკითხები და შექმნას საზოგადოებაში აღქმა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა”, – თქვა კალანდარიშვილმა მას შემდეგ, რაც სხდომა განახლდა და დარბაზში ახვეული თვალით დაბრუნდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსითაც დაიწყო. კონკრეტულად, მიმდინარეობს გამოძიება 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ კირთაძეს ეს დანაშაული დაუმტკიცდება, შესაძლოა დაეკისროს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა, ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა, ან გამასწორებელი სამუშაო 18 თვემდე.