ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი კვლავ საუბრობს წნელისში ქართული მხარის პოსტის მოხსნის საჭიროებაზე

20 ნოემბერი, 2024 •
ცხინვალი კვლავ საუბრობს წნელისში ქართული მხარის პოსტის მოხსნის საჭიროებაზე

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილემ პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) დე ფაჭტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე კვლავ დაისვა სოფელ წნელისის ტერიტორიიდან “ქართული პოლიციის უკანონო პოსტის გაუქმების საკითხი.”

“ეს საკითხი ყოველ ჯერზე დგება დღის წესრიგში, ჩვენ ვეძებთ გადაწყვეტილებებს. ამჟამად სიტუაცია საკმაოდ რთულია. საქართველოში გამართულმა არჩევნებმა და დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო კამპანიასთან, ჩემი აზრით, ჯერჯერობით ვერ მისცა ქართულ ხელმძღვანელობას ამ საკითხის გადაწყვეტის საშუალება” ,- ამბობს კოჩიევი.


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ტარდება.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები, მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

 

მთავარი ფოტო: cominf.org

მასალების გადაბეჭდვის წესი