საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივ დამკვირვებლებთან შეხვედრაზე მათ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალი არჩევნები შედგება.
„მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, რაც გააკეთეთ თქვენი მომავლისთვის, ქვეყნისთვის. რეალურად, თქვენ იყავით ამ უსამართლო ბრძოლაში პირველ ფრონტზე და იყავით ის ჯარი, რომელიც იცავდა ჩვენს ხმებს. ვიტყოდი, რომ ახალი მტკიცებულებები არაა საჭირო. ყველამ ვიცით და ვნახეთ, დავრწმუნდით, რომ ყველაზე მთავარი პრინციპები დაირღვა და არჩევნები არ შედგა. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ის პირველადი მტკიცებულება, ანუ რაც თქვენ პირადად ნახეთ, დაწერეთ და ვერ დაწერეთ, თუმცა შეინახეთ. ეს მეხსიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ვინმე თუ გადახედავს დღევანდელ დარბაზს, დარწმუნდება, რომ ამდენი სხვადასხვა გამოცდილება საფუძველს უქმნის იმ მტკიცებულებებს, რაც გვაქვს.
თქვენ ხართ ის ცოცხალი მოწმეები, რომლებიც არსად წავლენ. თქვენი გამოცდილება არსად დაიკარგება. შედგება ახალი არჩევნები. როდის და როგორ, ჯერ ვერ ვიტყვით“, – თქვა პრეზიდენტმა.