ახალი ამბები

სასამართლო საიას, “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” და “ძლიერი საქართველოს” სარჩელებს განიხილავს 

13 ნოემბერი, 2024 •
სასამართლო საიას, “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” და “ძლიერი საქართველოს” სარჩელებს განიხილავს 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო საპარლამენტო არჩევნების ფარულობის, ასევე, სხვა დარღვევების შესახებ  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, კოალიცია “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” და “ძლიერი საქართველოს” სარჩელებს განიხილავს. 

საკითხები, რომლებიც ცესკომ არ დააკმაყოფილა და გაასაჩივრეს, სასამართლომ გააერთიანა და ერთ საქმედ განიხილავს. 

“ვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიის 56- ზე მეტი წევრის მოწმის სახით დაკითხვას,  ასევე, აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ექსპერტის და სპეციალისტების დაკითხვას,  რადგან აუდიტის სამივე დასკვნა არის ბუნდოვანი და  ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ჩვენ  ვითხოვთ ისევ ჩატარდეს მტკიცებულებათა გამოკვლევა ხმის ფარულობის ნაწილში, რადგან სააპელაციო სასამართლოში არ აღდგენილა სრული სურათი, რაც უკავშირდება ხმის მიცემის პროცედურას და ფარულობის დაცვას.

გარდა ამისა, ჩვენ ცესკოსგან ვითხოვთ დამატებითი ინფორმაციების წარმოდგენას, რომელიც გვქონდა მოთხოვნილი და არ მოგვაწოდა. მაგალითად, ინფორმაცია ბიულეტენების დაბეჭდვასთან დაკავშირებით”, – განაცხადა თამარ კორძაიამ, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სასამართლოში.

მისი თქმით, სასამართლომ უკვე მიიღო განჩინება და ცესკოს არავითარი დოკუმენტების წარმოდგენა არ დაავალა:

“ეს იმას ნიშნავს, რომ არავითარი იმედი ამ სასამართლოში სამართლიანი გადაწყვეტილების ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ ვალდებული ვართ, მივყვეთ პროცესს ბოლომდე”.

საქალაქო სასამართლოში სხდომა 11.00 საათზე იწყება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი