ახალი ამბები

კონფლიქტები მხოლოდ სასაფლაოზე არ გვხვდება და მე იქ არ მეჩქარება – ფრანგი დეპუტატი პაპუაშვილს

11 ნოემბერი, 2024 •
კონფლიქტები მხოლოდ სასაფლაოზე არ გვხვდება და მე იქ არ მეჩქარება – ფრანგი დეპუტატი პაპუაშვილს

„ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი, არის სასაფლაო“, – ასე უპასუხა ფრანგმა პარლამენტარმა ფრედერიკ პეტიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის უარს, შეხვედროდა ევროპული ქვეყნების დეპუტატების დელეგაციას.

ფრანგი პარლამენტარის თქმით, პაპუაშვილის განცხადება დემოკრატიის არსის სრული უარყოფაა.

„ძალიან გულდასაწყვეტია. ევროკავშირი არის ოჯახი, ის გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი… ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით, ევროპაში ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩემთვის გასაოცარია, რომ პარლამენტის წევრი მეუბნება, „მე არ შეგხვდები იმიტომ, რომ არ მეთანხმები მე“. ეს ჩემთვის სრული უარყოფაა იმისა, რასაც დემოკრატია გულისხმობს. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი, არის სასაფლაო. მე არ მეჩქარება იქ. ევროკავშირი თავიდანვე ამ საფუძვლებზე იდგა. ევროპაში განხილვები მიდის იმ ხალხთან, ვინც არ გეთანხმება და ამაში, რა თქმა უნდა, პარლამენტებია ჩართული“, – განაცხადა ფრედერიკ პეტიტმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარებისგან შემდგარ დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.

კერძოდ, თბილისში იმყოფება ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, „ამ ჯგუფმა“ მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ითხოვა, რაზეც უარი უთხრა და მიზეზი წერილობითაც განუმარტა. აღნიშნულ წერილს პაპუაშვილი Facebook-ზე ავრცელებს.

უარის ერთ-ერთ მიზეზად პაპუაშვილი ასახელებს, დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის, მათ შორის ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისს კრიტიკულ განწყობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი.

პაპუაშვილი მათ ადანაშაულებს არამეგობრულ დამოკიდებულებასა და საქართველოს არჩევნებში ჩარევაში.

პაპუაშვილმა უარი უთხრა შეხვედრაზე EU-ს ქვეყნების პარლამენტარების დელეგაციას

მასალების გადაბეჭდვის წესი