„ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
„დღეს შემატყობინეს, რომ თურმე მეც დაბარებული ვარ პროკურატურაში“, – განაცხადა მან „ტვ პირველის“ ეთერში.
არჩევნების გაყალბებაზე მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებულ გამოკითხვებს ბოკუჩავა „მასკარადად“ აფასებს.
„სერიოზული გამოძიება ამ მასკარადის მოწყობას კი არ გულისხმობს, სერიოზული გამოძიება გულისხმობს საერთაშორისო აქტორების ჩართვას საგამოძიებო პროცესში, სადაც პროკურატურა კი არ მიითვისებს ხმის მიცემის და ვერიფიკაციის აპარატებს, არამედ რეალური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდება“, – აღნიშნავს იგი.
აქამდე პროკურატურაში სხვადასხვა ოპოზიციონერი, მათ შორის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც კი დაიბარეს.