ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე არსებულ დარღვევებს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება სჭირდება.
ნაუსედას აზრით, გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ საქართველოს ინსტიტუტები მიუკერძოებელ გამოძიებას ჩაატარებენ.
„ამჯერად ჩვენი ღრმა შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არაა. მე იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ [არჩევნების] შედეგებით, არამედ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევით. არ შეიძლება ერთდროულად საუბრობდე ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე და ყველაფერს [საწინააღმდეგოს] აკეთებდე — იღებდე კანონებს, ფარულ ზომებს, შეურაცხმყოფელ რიტორიკას იყენებდე დემოკრატიული დასავლეთის მიმართ. ლოგიკურად შეუძლებელია ამის ახსნა. უნდა გამოვიძიოთ საარჩევნო პროცესი. არ მჯერა, რომ საქართველოს ინსტიტუტებს შეუძლიათ ამის გაკეთება“, — განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
როგორც ნაუსედამ ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრამდე თქვა, ამჯერად რუსეთის ჩარევა და ინტენსივობა საარჩევნო პროცესში იმდენად მასშტაბური იყო, როგორც არასდროს.
„მე არ ვსაუბრობ მხოლოდ საქართველოზე, მე ვსაუბრობ მოლდოვაზეც, მაგრამ მოლდოვაში განსხვავებული შედეგი დადგა“, — დასძინა ნაუსედამ.
მან ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში.
„ჩვენ ვიცით, რამდენად ღრმა და ინტენსიურია მისი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის მიზეზი, რატომაც ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ევროკავშირისგან დაშორებაზე, არამედ რუსეთთან დაახლოებაზე. თუ გეოპოლიტიკურ ნაბიჯებს დგამ, შუაში ვერ იქნები — მიდიხარ დასავლეთისკენ ან აღმოსავლეთისკენ“, — ამბობს ნაუსედა.
კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ევროკავშირის საპასუხო ზომები, ლიეტუვის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საკმარისია მკაფიო გზავნილი: „მეგობრებო, თუ ამას აკეთებთ, ევროკავშირთან დაახლოებას ნუ ელით. საპირისპირო მიმართულებით მოძრაობთ — ევროკავშირს შორდებით. ვიმედოვნებ, ამ გზავნილს გაიგებენ. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გადახედავს თავის კურსს. თუმცა ამ დროისთვის ამის დიდ ალბათობას ვერ ვხედავ“.
ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში მიმდინარეობს, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ.