უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ამის შესახებ ზელენსკიმ „მთავარ არხს“ განუცხადა.
„საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებზე საუბარს 5 წუთზე მეტი სჭირდება. მე მჯერა, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი ურთიერთობები. ჩვენ გვქონდა ეს და გვექნება მომავალშიც. დღეს ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან ცუდია“, — განაცხადა ზელენსკიმ.
არჩევნებზე საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება და რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ამაზე გავლენა.
„ქართველები ძალიან კარგი ხალხი ხართ, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. ვიცი, რომ დიდი პაუზა გაქვთ ევროკავშირის გზაზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, იქ მოხვდებით და გაიმარჯვებთ“, — განაცხადა ზელენსკიმ „მთავარი არხის“ ინფორმაციით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ის, ზელენსკი და ერმაკი ერთმანეთს მიესალმნენ, თუმცა საუბარი არ ჰქონიათ.