ახალი ამბები

Axios: ვინ იქნება ტრამპის საგარეოპოლიტიკურ გუნდში?

7 ნოემბერი, 2024 •
Axios: ვინ იქნება ტრამპის საგარეოპოლიტიკურ გუნდში?

ამერიკული გამოცემა „აქსიოსი“ თავის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ვინ და რა პოზიციაზე შეიძლება დაინიშნოს დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციაში.

პროცესთან დაახლოებული პირები სხვადასხვა მნიშვნელოვან პოსტზე რამდენიმე შესაძლო კანდიდატს ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ რთულია, საბოლოო ჯამში, იმის პროგნოზირება, თუ კონკრეტულად ვისზე შეაჩერებს არჩევანს აშშ-ის ხელმეორედ არჩეული პრეზიდენტი.

სახელმწიფო მდივანი

წყაროების ინფორმაციით, ამერიკის პირველი დიპლომატის ფავორიტი გერმანიაში შტატების ყოფილი ელჩი, რიჩარდ გრენელი იქნება – რომელიც კამპანიის დროს ტრამპის მრჩეველი იყო.

  • რიჩარდ გრენელი – იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას ნეოკონსერვატორის, ანუ აშშ-ის საგარეო არენაზე აქტიური მონაწილეობის მხარდამჭერის, ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციაში. ტრამპის დროს დაინიშნა ელჩად გერმანიაში. ემხრობოდა იმ კომპანიების სანქცირებას, რომლებიც გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში იღებდნენ მონაწილეობას.

ამ თანამდებობაზე ასევე მოიაზრებიან სენატორი ბილ ჰაგერტი – ელჩი იაპონიაში ტრამპის პირველი ვადის დროს- და ტრამპის ყოფილი მრჩეველი, რობერტ ო’ბრაიენი. უკანასკნელი ჩინეთისა და ირანის მიმართ აშშ-ის მიერ უფრო მკაცრი კურსის არჩევის მომხრეა.

თავდაცვის მდივანი

თავდაცვის მდივანის პოზიციაზე, სხვათა შორის, განიხილებიან მაიკ პომპეო (ყოფილი სახელმწიფო მდივანი) და კონგრესმენი მაიკ უოლცი.

პომპეო 2019 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა, სახელმწიფო მდივნის რანგში, და დიდძალი ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტზე, რომლის მშენებლობაც სწორედ კვირიკაშვილის პრემიერობისას უნდა დაწყებულიყო. პომპეომ მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც მაშინ ქართული და ამერიკული ინვესტიციებით უნდა განხორციელებულიყო და თქვა:

„გამოვთქვი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და დაიცავს საქართველოს რუსული თუ ჩინური მტაცებლური ეკონომიკური გავლენებისგან. ამ ვითომ მეგობრებს გულში არ უდევთ საქართველოს საუკეთესო ინტერესები“, – თქვა პომპეომ.

მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

ამ ერთ-ერთ საკვანძო პოზიციაზე ყველაზე ნაკლები კონკრეტიკაა: „აქსიოსი“ წერს, რომ განიხილებიან, მათ შორის, გრენელი და უოლცი.

მასალების გადაბეჭდვის წესი