ახალი ამბები

ყრილობამდე ერთი თვით ადრე

25 ოქტომბერი, 2010 • • 1399
ყრილობამდე ერთი თვით ადრე

ახალი პოლიტიკური გაერთიანების– ქართული პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 24 ნოემბერს გაიმართება. დღეიდან კი პარტიაში საზოგადოებრივი მისაღები და მედიასთან ურთიერთობის სამსახური იწყებს მუშაობას. პარტიის წევრის, სოზარ სუბარის აზრით, ,,ქართულ პარტიას’’, სხვა პარტიებისაგან განსხვავებით, ხალხისა და პარტიის ლიდერების ძალა ექნება.

ქართული პარტიის დამფუძნებელ ყრილობამდე ერთი თვით ადრე პარტიის ოფისის პრეზენტაცია გაიმართა. დღეს უზნაძის #113 ბ-ში ქართული პარტიის წარმომადგენლებმა  ჟურნალისტებს უმასპინძლეს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა გუნცაძემ მედიას პარტიის საზოგადოებრივი მისაღების უფროსი თამაზ გამცემლიძე და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ძაგნიძე წარუდგინა. 

,, ქართულ პარტიას, შეუფერხებელი კომუნიკაციის მიზნით, პრესასთან  გახსნილი ურთიერთობა  მხოლოდ ჩვენი პრესამსახურის მეშვეობით ექნება’’.

თაზო გამცემლიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ პარტიას თბილისში 10 რაიონული ოფისი ექნება, ასევე მოეწყობა 10 რეგიონალური ოფისი.

,,ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩვენთან სამუშაო საათებში მოსვლა, გასაუბრება, გაწევრიანება, თავისი პროგრამის წარდგენა. საზოგადოებას ძალიან ბევრ სიახლეს და საინტერესო რამეს შევთავაზებთ  მუშაობის პროცესში, პარტიის დაფუძნების დღიდან დაიწყება აქტიური მუშაობა’’, – განაცხადა გამცემლიძემ.

გუნცაძის ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებმა მეორე სართულზე გადაინაცვლეს, სადაც მათ პარტიის სხვა ლიდერებთან გასაუბრების საშუალება მიეცათ.

ეროსი კიწმარიშვილის, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის  განცხადებით, პარტიას მთავარი ოფისი  ისრაელის მოქალაქისგან საბაზრო ფასად აქვს ნაქირავები. პარტია ოფიციალურად ყრილობისთვის დარეგისტრირდება. პარტიის ყრილობაზე დასასწრებად, მსურველებს აკრედიტაცია დასჭირდებათ.

,,პარტია ყრილობაზე გაფორმდება, რომელზეც უფრო მკაფიოდ, უფრო ნათლად ვილაპარაკებთ ჩვენს გეგმებზე, ჩვენს ხედვებზე.  საზოგადოებას გავაცნობთ სტრუქტურას, დავპატიჟებთ საზოგადოების ფართო ფენისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს’’, – ამბობს სოზარ სუბარი, პარიტის ერთ-ერთი ლიდერი.

სუბარის განცხადებით, პარტიის მიზანი ”ხელისუფლების შეცვლა, ქვეყნის ნგრევის პროცესის შეჩერება და აღმშენებლობის დაწყებაა”. ამ მიზნის მიღწევა კი, სუბარის აზრით, ძლიერი პარტიითაა შესაძლებელი.

,,ეს იქნება პარტია, რომელიც მზად იქნება, უპასუხოს ნებისმიერ გამოწვევას. სტრუქტურა, რომელიც იქნება ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და რომელიც მზად იქნება არა მარტო მოიგოს არჩევნები, არამედ მოგებული არჩევნები არ დაუთმოს ხელისუფლებას და არ გააყალბებინოს ისე, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ის, რაც სხვა პარტიებისაგან განსხვავებით, ქართულ პარტიას ექნება, ხალხისა და პარტიის წევრების ძალაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს პარტიას ბევრი მომხრე ეყოლება’’.

პარტიის ხელმძღვანელის ვინაობას ქართული პარტიის ლიდერები 24 ნოემბერს, 3 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაასახელებენ.

ახალი გაერთიანების– ქართული პარტიის  წარდგენა საზოგადოებისათვის 12 ოქტომბერს სასტუმრო შერატონ მეტეხ პალასში გაიმართა.

 

ამავე თემაზე:

პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მთავარი მიზანი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი