ახალი ამბები

არჩევნების გაყალბებაზე სარჩელს სასამართლო ღამეც განიხილავდა

7 ნოემბერი, 2024 •
არჩევნების გაყალბებაზე სარჩელს სასამართლო ღამეც განიხილავდა

 20 საათზე მეტხანს გრძელდება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული საქმის განხილვა სასამართლოში. 

საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ღამეც გაგრძელდა – პროცესი 6 ნოემბერს, 14.00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა საიას [ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის]  12 საქმე  40-მდე ოლქის წინააღმდეგ  და კოალიცია ,,ჩემი ხმის“ საქმეები. ჯერჯერობით უცნობია, როდის დამთავრდება განხილვა და როდის გამოაცხადებს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას. 

“პროცესის დაწყებისას ვიშუამდგომლეთ, რომ საქმეები გამიჯნულიყო, რადგან ამ მოცულობის საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება არ იყო გონივრული და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას გამოიწვევდა”, – აცხადებს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, რომელმაც მთელი ღამე სასამართლოში გაატარა.  სასამართლომ ეს შუამდომლობა არ დააკმაყოფილა და პროცესის დაწყებიდან მეორე დღეს, დილით ჯერ კიდევ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა.
“ნეტგაზეთის” ჟურნალისტებს პროცესზე დაშვების შესაძლებლობა არ მიეცათ.
საიას სარჩელები, რომელსაც სააპელაციო სასამართლო განიხილავს, ხმის ფარულობის დარღვევას ეხება – მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი აბულაძე ამბობს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხმის ფარულობაზე ექსპერიმენტი ცესკოს ჩაატარობინა, ხოლო როცა სხდომის თავმჯდომარის მიერ შეცურებულ ბიულეტენში ხმის ფარულობა დაირღვა, მოსამართლემ განაცხადა, რომ ექსპერიმენტი დასრულებული იყო, როცა ის ცესკოს თანამშრომელმა ჩაატარა.  უფრო მეტი ამ თემაზე ნახეთ აქ. 
გუშინ სასამართლო პროცესის პარალელურად აქცია მიმდონარეობდა სააპელაციო სასამართლოს შენობასთან. იქ იმყოფებოდნენ როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე მოქალაქეები. 
“გამოჩნდა ბიულეტენზე ხმის მიცემის კვალი? ეს კანონდარღვევაა”, “აჯანყდი რუსულ რეჟიმზე”, – ასეთი შინაარსის სტიკერები დატოვეს გუშინ აქციის მონაწილეებმა სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარზე – ისინი სასამართლოს ეზოში არ შეუშვეს. 

არჩევნების გაყალბების საქმეზე სარჩელების განხილვის პარალელურად სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობდა. 06 ნოემბერი, 2024. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი