ახალი ამბები

ზელენსკი ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ვრცელი ტექსტით ულოცავს

6 ნოემბერი, 2024 •
ზელენსკი ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ვრცელი ტექსტით ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს ამერიკის არჩევნებში გამარჯვებას ვრცელი ტექსტით ულოცავს.

„ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში შთამბეჭდავ გამარჯვებას!

ვიხსენებ მასთან შესანიშნავ შეხვედრას, რომელიც [2024 წლის] სექტემბერში შედგა და როდესაც ჩვენ დეტალურად განვიხილეთ უკრაინისა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და გზები, როგორც უნდა დავუსვათ წერტილი რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

ვაფასებ გლობალურ საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას მიდგომისადმი, რომ „მშვიდობა ძლიერებით მიიღწევა“. ეს არის ზუსტად ის პრინციპი, რასაც რეალურად შეუძლია უკრაინა სამართლიან მშვიდობას მიუახლოოს. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს მალე მოქმედებაში მოვიყვანთ.

მოუთმენლად ველით ეპოქას, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის გაბედული მმართველობის ქვეშ ამერიკის შეერთებული შტატები მეტად გაძლიერდება. ვეყრდნობით უწყვეტ ორპარტიულ მხარდაჭერას უკრაინისადმი შეერთებულ შტატებში.

დაინტერესებულნი ვართ, რომ განვავითაროთ ორმხრივად სასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ერებს შორის. უკრაინა, როგორც ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო ძალა, ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით, ერთგულია მშვიდობისა და უსაფრთხოების გრძელვადიანად დამყარების იდეისა ევროპასა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში.

მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტ ტრამპს პირადადაც მივულოცო გამარჯვება და განვიხილოთ გზები აშშ-თან უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გამყარებისთვის“, — წერს პრეზიდენტი ზელენსკი X-ზე.

5 ნოემბერს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი საგრძნობლად ლიდერობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი