ახალი ამბები

„რამდენიმე თვეა, მასთან კომუნიკაცია არ მაქვს“ – ელისაშვილი იოსელიანზე

4 ნოემბერი, 2024 •
„რამდენიმე თვეა, მასთან კომუნიკაცია არ მაქვს“ – ელისაშვილი იოსელიანზე

კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ უკვე თვეებია არ ჰქონია კომუნიკაცია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან.

„ლევანი ჩემი ბავშვობის მეგობარია – მეშვიდე თუ მეექვსე კლასიდან მეგობრები ვართ, უამრავი რამ გვაკავშირებს. მაგრამ რამდენიმე თვეა მასთან კომუნიკაცია არ მქონია, იმიტომ, რომ ბევრი რამ ჩემთვისაც არის უბრალოდ აუხსნელი“, – განაცხადა მან „ფორმულას“ ეთერში.

ელისაშვილმა ასევე თქვა, რომ არ თვლის იოსელიანის მხარდაჭერას შეცდომად: „ჩემი მეგობარი იყო. რასაც ვაკეთებდი, მხარს რომ ვუჭერდი, სწორად ვაკეთებდი“.

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად დანიშვნამდე ალეკო ელისაშვილის პარტიის, „მოქალაქეების“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი იყო.

იოსელიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის დადგენა სახალხო დამცველის მანდატში არ შედის და აღნიშნა, რომ არ სჯერა არჩევნების გაყალბების.

მასალების გადაბეჭდვის წესი