ახალი ამბები

ძნელია, საღი აზრის მქონემ დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს კარუსელებზე – ლევან იოსელიანი

1 ნოემბერი, 2024 •
ძნელია, საღი აზრის მქონემ დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს კარუსელებზე – ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალდო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ „ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„თუნდაც ასე რომ იყოს, ამას სჭირდება დაახლოებით 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე ამის არ მჯერა. საღი აზრი ჯერ არ დამიკარგავს. არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა. 2 თვეა ვიხვეწებით, ვინმე თუ ხართ, ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოგართვეს, ჩვენთან განცხადება შემოიტანეთ, ერთი არ არის, ვინც იტყვის, რომ მე ვარ ის კაცი, ვისაც პირადობის მოწმობა იძულებით ჩამომართვეს“, – თქვა იოსელიანმა.

მისივე თქმით, არჩევნებზე პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

იოსელიანს ისიც ჰკითხეს, რას ფიქრობს არჩევნების ლეგიტიმურობაზე. მან უპასუხა, რომ ამის შეფასება არ შედის სახალხო დამცველის მანდატში.

„გასაგებია, ოპოზიცია რას ითხოვს. ოპოზიცია იმისთვის არის, რომ ასეთი მოთხოვნები ჰქონდეს, ოღონდ ყველა მოთხოვნა გამაგრებული უნდა იყოს რაღაც მტკიცებულებით. როდესაც 3111 უბანზე შემაჯამებელი ოქმი დაიწერა, სადაც ყველაზე ოქმზე ხელს აწერს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, მხოლოდ 9 უბანზეა დაწერილი განსხვავებული აზრი. დაახლოებით 47 ათასი დამკვირვებელი იყო, თუ ყველა მოისყიდეს, თუ არავინ არაფერი დაწერა, თუ ბიულეტენის გაჟონვის ფაქტზე 7 განცხადება დაიწერა, თუ ვინმეს სჯერა, რომ ასე მოხდა“, – ამბობს სახალხო დამცველი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი