ახალი ამბები

მაია სანდუ ქართველ ხალხს მიმართავს

4 ნოემბერი, 2024 •
მაია სანდუ ქართველ ხალხს მიმართავს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ქართველ ხალხს მიმართავს.

„გუშინ მოლდოველებმა გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი ჩვენს ევროპულ გზაზე. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება. ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი გამძლეობითა და მონდომებით, ააშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით — მოლდოვა თქვენთანაა“, — წერს სანდუ X-ზე.

მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა.

„თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა“, — მიმართა ზურაბიშვილმა მაია სანდუს.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მოლდოვის არჩევნების შედეგი საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“.

„რუსეთის მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000-მა ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენს მილიონიან დიასპორა შეიზღუდა. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს დართეს“, — აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

კვირას, 3 ნოემბერს, მოლდოვაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, პროდასავლელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. მან არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა ალექსანდრ სტოიანოგლუ, რომელსაც მოლდოვის პრორუსული სოციალისტური პარტია უჭერს მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი