პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ პროკურატურაში დაიბარეს არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თუმცა ამ უწყებაში მისვლას არ აპირებს, მაგრამ მზადაა ჩვენება სასამართლოში მისცეს:
ამის შესახებ მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„პროკურატურიდან დამირეკეს, ივანიშვილის დაკვეთით არჩევნების გაყალბების ჩასაფარცხად გამოძიება რომ დავიწყეთ, მაგაზე გიბარებთ, რადგან თქვენ გაყალბების მტკიცებულებებზე და სქემებზე საუბრობთო.
- კარგია, რომ გაყალბების მტკიცებულებებმა და სქემებმა შეგაშინათ;
- ჩვენ დაკვეთილ, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და არჩევნების მოპარვის გაფორმების მიზნით წარმოებულ გამოძიებებში არ დავდივართ;
- უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ათობით განცხადება გვაქვს ოფიციალურად შემოტანილი (მტკიცებულებებით დადასტურებული), რომელიც არჩევნების გაყალბების მიზნით ძალადობაზე, მუქარაზე, კორუფციაზე მიუთითებს. არცერთზე არათუ გამოძიება არ დაგიწყიათ, არც კი დაგირეკავთ. შესაბამისად, როგორც კი ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულ ამ ნამდვილ დანაშაულებზე ნამდვილ გამოძიებას (ცალკე და არა მაგავე საქმეში) დაიწყებთ, რა თქმა უნდა, მოვალთ და ყველაფერს მოვიტანთ (მიუხედავად იმისა, რომ არ გენდობით);
- რაც შეეხება ამ ყალბ გამოძიებას, თუ ჩემ გარეშე გამოძიებას ვერ ატარებთ (რაც ცოტა სასაცილოა, როცა მტკიცებულებები სოციალურ მედიაში, რასაც ჰქვია, ყრია), იცით მაგისტრატი მოსამართლის გზა.
აქვე, ტყუილად გგონიათ, რომ გამაჩერებთ. არჩევნების გაყალბების საქმის ბოლომდე მისაყვანად გავაკეთებ ყველაფერს. პირადად ჩამოვივლი ყველა პარტნიორს, რომ თქვენი საბოლოო დელეგიტიმაცია მოხდეს. შემდეგ კი, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად გავატარებთ პროკურატურის, სასამართლოს, სამართალდამცავების და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას“, — წერს ნათია მეზვრიშვილი.
მეზვრიშვილმა პირველ ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ სასამართლოს მიმართა, აიძულოს ცესკო, დაიცვას ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია, რაც გულისხმობს სერვერებზე არსებული ბაზების, ასევე ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვას, რადგანაც არსებობს მონაცემთა ფალსიფიცირების რისკი.
მანამდე პროკურატურამ თავის მხრივ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
პროკურატურა აცხადებს, რომ ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკოს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გახმიანებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა და პროკურატურას მიმართა იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.