ახალი ამბები

მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას საერთაშორისო საზოგადოება ულოცავს

4 ნოემბერი, 2024 •
მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას საერთაშორისო საზოგადოება ულოცავს

მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს მეორე ვადით არჩევას საერთაშორისო საზოგადოება ულოცავს.

სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს ევროკავშირის ლიდერებმა, ასევე, ევროკავშირის სახელმწიფოების მეთაურებმა.

„მოლდოველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა თქვენი ხელმძღვანელობისადმი და ერთგულება სტაბილურობისა და ევროპული მომავლის მიმართ“, – დაწერა X-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა მაიას სანდუს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც, რომელმაც მის გამბედაობას გაუსვა ხაზი.

„იშვიათი ძალა სჭირდება იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებსაც გადააწყდით ამ არჩევნებში. მოხარული ვარ, რომ გავაგრძელებ თქვენთან მუშაობას მოლდოვისა და მისი ხალხის ევროპული მომავლისთვის“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.

მაია სანდუს გამარჯვებას ულოცავს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც.

„მან [მაია სანდუ] გამოავლინა არაჩვეულებრივი გამბედაობა და ლიდერობა თავისი ხალხის მხარდასაჭერად. ევროპა გააგრძელებს მოლდოვის გვერდით დგომას ამ გზაზე“, – დაწერა რობერტა მეცოლამ X-ზე.

საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მაია სანდუს არჩევით მოლდოველებმა ევროპული მომავლის მიმართ თავიანთი გადაწყვეტილება აჩვენეს.

„მთელი გულით ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. მოლდოველებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი გადაწყვეტილება, ააშენონ ევროპული მომავალი, მიუხედავად ჰიბრიდული მცდელობებისა, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას“, – დაწერა ჯოზეფ ბორელმა X-ზე.

მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც.

„მაია სანდუ მოლდოვის რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა რთულ პერიოდში და დაადგინა თავისი ქვეყნის ევროპული კურსი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვას ამ ძალისხმევაში. გილოცავთ პრეზიდენტად ხელახლა არჩევას!“ – დაწერა ოლაფ შოლცმა X-ზე.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მოლდოვაში დემოკრატიამ გაიმარჯვა.

„მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა მოლდოვის ხელმძღვანელად. დემოკრატიამ გაიმარჯვა ყოველგვარ ჩარევასა და მანევრირებაზე. საფრანგეთი გააგრძელებს მოლდოვის გვერდით დგომას მის ევროპულ გზაზე“, – დაწერა ემანუელ მაკრონმა.

გარდა ამისა, მაია სანდუს ხელახლა პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს პოლონეთის, ბალტიის ქვეყნების, ბელგიის და სხვა სახელმწიფოების მეთაურებმა.

მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მზად არის, ერთად იმუშაოს ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად. მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს – მათ აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ.

მხოლოდ ჭეშმარიტ უსაფრთხოებასა და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია უზრუნველყოს თითოეული ადამიანისა და ოჯახის ნდობა, რომ შეხვდეს ხვალინდელ დღეს იმედით და რწმენით“, – დაწერა X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკის.

მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. მისი თქმით, მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“.

„რუსეთის მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა 300 000-მა ემიგრანტმა ამომრჩეველმა გადაარჩინა… ჩვენი 1 000 000-იანი ძლიერი დიასპორა აიკრძალა. ხმის მიცემის „ნება“ ჰქონდა მხოლოდ 34 000-ს”, – დაწერა X-ზე სალომე ზურაბიშვილმა.

მაია სანდუსთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ჯერჯერობით არ მიულოცავს საქართველოს მთავრობას. თავად „ქართულ ოცნებას“ ამ დრომდე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება დასავლეთიდან მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიულოცა.


კვირას, 3 ნოემბერს, მოლდოვაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, პროდასავლელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. მან არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა ალექსანდრ სტოიანოგლუ, რომელსაც მოლდოვის პრორუსული სოციალისტური პარტია უჭერს მხარს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 98%-ის დათვლის შემდეგ, სანდუ არჩევნებს 54,35%-ით იგებს. მოლდოვაში საარჩევნო უბნების დახურვისას აქტივობა 54,07% იყო, რაც პირველი ტურის შედეგებზე მეტია. ამ დროის მონაცემებით კი, როდესაც როგორც მოლდოვაში, ისე მის საზღვრებს გარეთ უბნების 99,86% დათვლილია, აქტივობა 54.32%-ია.

მოლდოვის საზღვრებში შედეგების თანახმად, სანდუმ, ფაქტობრივად, წააგო არჩევნები სტოიანოგლოსთან მცირე სხვაობით – 48,8% 51,2%-ის წინააღმდეგ. ამის საპირწონედ, სანდუმ მიიღო ემიგრანტთა ხმების 80%-ზე მეტი. მოლდოვას საზღვარგარეთ 200-ზე მეტი სარჩევნო უბანი ჰქონდა გახსნილი, სადაც ამ დროის მონაცემებით, ხმა 330 000-მდე ამომრჩეველმა მისცა.

სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტანისლავ სეკრიერუმ არჩევნების მეორე ტურის დღეს რუსეთი მასობრივ ჩარევაში დაადანაშაულა.

„ჩვენ ვხედავთ რუსეთის მასიურ ჩარევას ჩვენს საარჩევნო პროცესში… შედეგის დამახინჯების მცდელობას“, – დაწერა მან X-ზე.

სეკრიერუმ ასევე გაავრცელა ცნობები ამომრჩეველთა საარჩევნო უბნებზე მიყვანის, კიბერშეტევებისა და თაღლითობების შესახებ, რაც საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე ფიქსირდებოდა.

მოსკოვმა ეს ბრალდებები უარყო.

თავად მაია სანდუმ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი