კვირას, 3 ნოემბერს, მოლდოვაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, პროდასავლელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. მან არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა ალექსანდრ სტოიანოგლუ, რომელსაც მოლდოვის პრორუსული სოციალისტური პარტია უჭერს მხარს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 98%-ის დათვლის შემდეგ, სანდუ არჩევნებს 54,35%-ით იგებს. მოლდოვაში საარჩევნო უბნების დახურვისას აქტივობა 54,07% იყო, რაც პირველი ტურის შედეგებზე მეტია. ამ დროის მონაცემებით კი, როდესაც როგორც მოლდოვაში, ისე მის საზღვრებს გარეთ უბნების 99,86% დათვლილია, აქტივობა 54.32%-ია.
2010 წელს მოლდოვის დიასპორას პირველად მიეცა ხმის მიცემის შესაძლებლობა და ამ არჩევნებზე ემიგრანტების ყველაზე დიდი აქტივობა დაფიქსირდა.
მოლდოვას საზღვრებში შედეგების თანახმად, სანდუმ, ფაქტობრივად, წააგო არჩევნები სტოიანოგლოსთან მცირე სხვაობით – 48,8% 51,2%-ის წინააღმდეგ. ამის საპირწონედ, სანდუმ მიიღო ემიგრანტთა ხმების 80%-ზე მეტი. მოლდოვას საზღვარგარეთ 200-ზე მეტი სარჩევნო უბანი ჰქონდა გახსნილი, სადაც ამ დროის მონაცემებით, ხმა 330 000-მდე ამომრჩეველმა მისცა.
სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტანისლავ სეკრიერუმ არჩევნების მეორე ტურის დღეს რუსეთი მასობრივ ჩარევაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ვხედავთ რუსეთის მასიურ ჩარევას ჩვენს საარჩევნო პროცესში… შედეგის დამახინჯების მცდელობას“, – დაწერა მან X-ზე.
We’re seeing massive interference by Russia in our electoral process as Moldovans vote in the presidential runoff today—an effort with high potential to distort the outcome. Authorities are on high alert. Thread with instances of meddling, which I’ll be updating in real time ⬇️
— Stanislav Secrieru (@StasSecrieru) November 3, 2024
სეკრიერუმ ასევე გაავრცელა ცნობები ამომრჩეველთა საარჩევნო უბნებზე მიყვანის, კიბერშეტევებისა და თაღლითობების შესახებ, რაც საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე ფიქსირდებოდა.
მოსკოვმა ეს ბრალდებები უარყო.
თავად მაია სანდუმ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.
„მოლდოვა, თქვენ გამარჯვებულები ხართ! დღეს, ძვირფასო მოლდოველებო, თქვენ ჩაატარეთ გაკვეთილი დემოკრატიის შესახებ, რომელიც ღირსია ისტორიის წიგნებში ჩაიწეროს. დღეს თქვენ გადაარჩინეთ მოლდოვა!“, – თქვა სანდუმ გამარჯვების შემდეგ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის არჩევნები “უპრეცედენტო თავდასხმის” პირობებში ჩატარდა, მათ შორის, ბინძური ფულის გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და “ქვეყნის გარეთ მტრული ძალების” ჩარევით.
”თქვენ ყველას დაანახეთ, რომ ვერაფერი შეაფერხებს ხალხის ძალაუფლებას, როდესაც ისინი ირჩევენ, თავიანთი ხმით ილაპარაკონ”, – აღნიშნა მან მიმართვისას.
არჩევნების პირველი ტური 20 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც ვერც ერთმა კანდიდატმა დააგროვა ხმების 50%-ზე მეტი. მიუხედავად ამისა, პირველი ტურის ლიდერიც მაია სანდუ იყო, ხმების 42%-ით.
სტოიანოგლო თავის საარჩევნო კამპანიისას აცხადებდა, რომ მხარს უჭერდა ევროკავშირში ინტეგრაციას, მაგრამ ასევე სურდა რუსეთთან კავშირების განვითარებას.
სანდუ 3 ნოემბრის კენჭისყრას აფასებდა, როგორც არჩევანს ევროკავშირში ნათელ მომავალსა და არასტაბილურობას შორის. სტოიანოგლომ თქვა, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და სანდუ არ ითვალისწინებდა რიგითი მოლდოველების ინტერესებს.
პროდასავლური მთავრობა მოლდოვაში 2021 წლიდან არის ხელისუფლებაში. 2025 წელს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მოლდოველი დამკვირვებლები აცხადებენ, რომ მომავალი წლის კენჭისყრა შეიძლება იყოს მოსკოვის შემდეგი სამიზნე.