ახალი ამბები

ISFED-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რა საარჩევნო ტაქტიკა გამოიყენა ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ

2 ნოემბერი, 2024 •
ISFED-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რა საარჩევნო ტაქტიკა გამოიყენა ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ

სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ ამომრჩევლის ხმის უფლების ჩახშობის (voter suppression) ტაქტიკა გამოიყენა. ამის შესახებ დოლიძე ფეისბუკზე წერს.

როგორც ნინო დოლიძე განმარტავს, ასეთი ტაქტიკის მიზანია უპირატესობის მოპოვება არჩევნებში, გარკვეული ჯგუფის ამომრჩეველთა აქტივობის შემცირებით და გულისხმობს: “ნებისმიერი სამართლებრივი ან სხვა ტიპის ღონისძიების გატარებას/არგატარებას, რომლის მიზანია კონკრეტული ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ ხმის მიცემის შემცირება”.

“ეს მეთოდი არადემოკრატიული ტაქტიკების სიაშია და ეწინააღმდეგება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს.
სწორედ ასეთ ტაქტიკასთან გვქონდა საქმე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხმის უფლების რეალიზების ნაწილში, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.

  1. წინასაარჩევნო პერიოდში – არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ცესკომ არ გახსნა დამატებითი საარჩევნო უბნების ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმ ქალაქებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები კომპაქტურად ცხოვრობენ და ითხოვდნენ უბნების გახსნას. შეგახსენებთ, რომ ორი სარჩელი გვქონდა ამასთან დაკავშირებით სასამართლოში, რომელიც აპელაციაშიც წავიღეთ. თუმცა, უშედეგოდ.
  2. არჩევნების დღეს – ნაცვლად 5 რეგისტრატორისა, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში არ იყო საკმარისი რაოდენობის კომისიის წევრები/რეგისტრატორები (დამკვირვებლებისგან მოწოდებული ინფორმაციით ზოგან იყო ერთი, ორი ან სამი რეგისტრატორი), რამაც გამოიწვია რიგები უცხოეთის საარჩევნო უბნებზე. უბნის შიდა და გარე ტერიტორიაზე საათობით იდგნენ რიგში ამომრჩევლები, რის გამოც უწევდათ უბნის დატოვება. მაგ. : სტოკჰოლმი, ბერლინი, პარიზი, მადრიდი, რომი, ბარი, ლონდონი, სალონიკი, ვარშავა, ნიუ-იორკი 1, ნიუ-იორკი 2, სან-ფრანცისკო, ვენა, ბრატისლავა.

სხვა პრობლემებიც ვიხილეთ საზღვარგარეთის უბნებზე, თუმცა ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. უღრმესი მადლობა ჩვენს დამკვირვებლებს საზღვარგარეთ”, – წერს ნინო დოლიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი