„ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ დღეს, 1 ნოემბერს, ჩატარებულ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს არჩევნების გაყალბების ამსახველი სამხილები წარუდგინეს.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, ეს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, ხოლო ამ სამხილებს ოპოზიციონერები ბოლო რამდენიმე დღეა აგროვებდნენ.
„ასევე, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ერთობა, რომელიც არის ოპოზიციურ ფრონტზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის.
ჩვენ ასევე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმას, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალური გაყალბების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების აქტორებს, და არავინ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში“, – აცხადებს იგი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები.