ახალი ამბები

საოლქო კომისიები საჩივრებს განიხილავენ, პარალელურად, NGO-ები სასამართლოსთვის ემზადებიან

1 ნოემბერი, 2024 •
საოლქო კომისიები საჩივრებს განიხილავენ, პარალელურად, NGO-ები სასამართლოსთვის ემზადებიან

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები გუშინ, 31 ოქტომბერს დასრულდა. გუშინვე დაიწყო ამ საჩივრების განხილვა. განხილვის პროცესი 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა სოციაციას (საია) არცერთმა საოლქო კომისიამ არ დაუკმაყოფილა საჩივარი, რომეიც ხმის ფარუყლობის დარღვევას ეხება. დარჩა მხოლოდ ერთი – ჭიათურის საოლქო კომისია, რომელიც საკითხზე დღეს იმსჯელებს.

ორგანიზაცია სასამართლო დავებისთვის ემზადება. საია-ს დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ხმის ფარულობასთან დაკავშირებული მათი სარჩელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოში შევა.

სასამართლო დავებისთვის ემზადებიან სამოქალაქო ორგანიზაციების გაერთიანებულ სადამკვირვებლო მისიაში – “ჩემი ხმა”. საოლქო კომისიებში წარდგენილი 89 საჩივრიდან 30-მდე მათგან უკვე განიხილეს გუშინ, 31 ოქტომბერს. მათ შორის, ყველაზე მწვავე განხილვები იყო მარნეულსა და გორში. კოალიციაში ამბობენ, რომ განხილული საჩივრებიდან არცერთი არ დაკმაყოფილებულა.

სასამართლოსთვის ემზადებიან “სამართლიან არჩევნებშიც” (ISFED). ორგანიზაციის იურისტი, რატი თინიკაშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე ჩატარებული განხილვებიდან მათთვის არსებითი მნიშვნელობის არცერთი საჩივარი არ დაუკმაყოფილებიათ.

“დარღვევები, რომლებიც უკავშირდებოდა კომისიის წევრების დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ხშირ შემთხვევაში დაკმაყოფილებული იყო. არსებითი ხასიათის დარღვევებზე დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ძირითადად, უარი ეთქვათ ჩვენს დამკვირვებლებს”, – ამბობს “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) იურისტი, რატი თინიკაშვილი.

რატი თინიკაშვილის ინფორმაციით, მათ მიერ სასამართლოში გასაჩივრებულ საქმეებს შორის იქნება ხმის ფარულობასთან დაკავშირებულო საქმეებიც. ISFED-მა საოლქო კომისიებში ამ თემაზე სულ 21 საჩივარი წარადგინა. მათი ნაწილის განხილვა უკვე იყო, ნაწილი კი მომდევნო ორ დღის განმავლობაში განიხილება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) იურიდიული სამსახურის უფროსის, გიორგი სანტურიანის ინფორმაციით ოლქებში, ჯამში, 1 170 საჩივარი შევიდა. აქედან 600 საჩივარი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, დანარჩენი 570 კი – სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა.

გიორგი სანტურიანი ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარდგენილი საჩივრები ნაკლებია გასულ წლებში ჩატარებული არჩევნების დროს წარდგენილ საჩივრებზე. სანტურიანი ამას უკავშირებს უკანასკნელი არჩევნების ელექტრონულ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას.

“2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს წინა წლებთან შედარებით კლების ტენდენციაზე –  2020 წელს წარმოდგენილი იყო სულ 2054 საჩივარი, 2021 წელს – 1840 საჩივარი […] შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან საჩივრებთან მიმართებით კლების ტენდენციები ნარჩუნდება. საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვას, ბუნებრივია, უნდა მოჰყოლოდა გარკვეული პროცედურული დარღვევების თვალსაზრისით საჩივრების რაოდენობის კლება, რასაც მიმდინარე სტატისტიკაც ადასტურებს”, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

სამოქალაქო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს გამართული არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობენ. დარღვევებსა და ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობაზე კითხვის ნიშნებს სვამენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც.

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, ცესკომ ამომრჩევლებს მისცეს შესაძლებლობა, გადაამოწმონ საკუთარი აქტივობა არჩევნების დღეს – მიიღეს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში, რომელ უბანზე და რომელ საათზე. პარტიების აცხადებენ, რომ ამით გამოაშკარავდება, ჰქონდა თუ არა ადგილი ე.წ. კარუსელებს. თუმცა, ცესკო ამგვარი ბაზის შექმნაზე უარს ამბობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ.

სამოქალაქო ორგანიზაციები გაყალბების დამტკიცებას სამართლებრივი გზებით ცდილობენ. “ჩემი ხმა” ამბობს, რომ აქვთ ასობით ფაილი ვიდეო მტკიცებულებებისა, სადაც დასტურდება არჩევნების გაყალბების სქემა. ისინი მოითხოვენ 189 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს, რაც ჯამში 300 000 ამომრჩევლის ხმას აჭარბებს. საია კი ითხოვს გაბათილდეს ყველა უბანი, სადაც ელექტრონული არჩევნები ჩატარდა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არჩევნების შედეგების სრულად ანულირებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას გამოიწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი