ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ოპოზიციამ “ოცნებას” ხმები მოჰპარა

1 ნოემბერი, 2024 •
მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ოპოზიციამ “ოცნებას” ხმები მოჰპარა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას „აბულინგებს“ არჩევნების გაყალბების ბრალდებით,  სინამდვილეში კი „ნაცმოძრაობის კლასტერმა“ თავად მოიპარა „ქართული ოცნების“ ხმები და საამისო მტკიცებულებებსაც ფლობს.

ამის შესახებ მდინარაძემ პირველ ნოემბერს პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

მდინარაძე ამბობს, რომ „დადასტურებული ფაქტებით“ გამოააშკარავეს ოპოზიციის სქემები და პროკურატურას მოუწოდა, გამოიძიოს ყველა მათგანი.

„კონკრეტული ამომრჩევლები, რომლებიც იდენტიფიცირებული გვყავს, როგორც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე და მათ ხვდებოდათ სიიდან თავისი თავი ამოღებული. ირკვეოდა, რომ ისინი ნაცმოძრაობის კლასტერის სხვადასხვა პარტიების მიერ დანიშნულები იყვნენ მათი პარტიების წარმომადგენლებად სხვა საარჩევნო უბნებში, ხშირად, მოშორებით მათი ჩაწერის ადგილიდან და შესაბამისი საარჩევნო უბნიდან. დავუშვათ, მამუკა მდინარაძე რომ მივიდოდა საბურთალოზე თავის საარჩევნო უბანში, ხვდებოდა მოცემულობა, რომ ის დანიშნული იყო, მაგალითად, სამტრედიაში ნაცმოძრაობის წარმომადგენლად. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ჩვენი მომხრეები ვეღარ ახერხებდნენ, რომ ხმა მიეცათ“, — ამტკიცებს მდინარაძე.

„ოცნების“ საპარლამენტო მდივნის თქმით, 81 შემთხვევაა, როგორ მოახერხა ოპოზიციამ და მოტყუებით მოიპარა ხელისუფლების მხარდამჭერთა ხმები იმით, რომ ისინი საკუთარ წარმომადგენლებად დანიშნა შორეულ ოლქებში და მათ ხმის მიცემა ვეღარ შეძლეს.

მდინარაძეს მოჰყავს რამდენიმე ადამიანის გვარ-სახელი. მაგალითად, მისი თქმით, დიდუბელი ნონა ნემსაძე აღმოჩნდა ნინოწმინდაში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლად დანიშნული; ასევე დიდუბელი მაყვალა ხატიაშვილი — ალეკო ელისაშვილის პარტიამ „მოიპარა“; ნინო დვალი სამგორიდან ამბროლაურში დანიშნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“; ბორჯომელი ელენე ელიოსიძე საბურთალოზე დანიშნა „ლელომ“; ნუკრი დოლაბერიძე წყალტუბოდან ქუთაისში დანიშნეს; ნუგზარ ირემაძე კი ადიგენიდან ხულოში აღმოჩნდა გადამისამართებული.

„სქემა N2 – აღმოჩნდა შემთხვევები, როდესაც გადასატან ყუთთან ნაცმოძრაობის კლასტერის წარმომადგენლები იყვნენ, მათ წილისყრით მოუწიათ მოქალაქეებთან მისვლა, ვისაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცა ხმა. როდესაც მათ აიღეს ეჭვი, განწყობაზე შეატყვეს, რომ მათ პარტიებს არ უჭერდნენ მხარს და იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, უბრალოდ, გამოატოვებინეს, ხელი არ მოაწერინეს. ისარგებლეს, რომ ხელმოწერაც უნდა ყოფილიყო შესაბამის ფურცელზე და ინფორმაცია არ ჰქონდათ მოქალაქეებს. ასეთი გადასატანი ყუთის მონაცემები ანგარიშში ვერ შევიდა, გაუქმდა“, — აცხადებს მდინარაძე და მაგალითად მოჰყავს ზესტაფონის საარჩევნო ოლქის ქვედა საქარის 38-ე უბანი, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ ამომრჩეველთა ხელმოწერების გარეშე დააბრუნეს ყუთი საარჩევნო უბანში.

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია მოსყიდვით ცდილობდა, „ოცნების“ ამომრჩევლები სახლში დარჩენაზე დაეთანხმებინა, თუმცა ამბობს, რომ ამის მტკიცებულებები (ჯერ) არ აქვთ.

„მივმართავ საქართველოს პროკურატურას, ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს შემთხვევა და დააკვალიფიციროს ზუსტად ისე, როგორც უნდა დაკვალიფიცირდეს კონკრეტული მოქმედება, თუ ის სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და შემდეგ, საბოლოო ჯამში, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს ჩვენი წარმოდგენით“, — ამბობს მდინარაძე და აცხადებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი სქემები სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის დარღვევებია.

162-ე მუხლი ეხება არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ხოლო თუ იგივე ქმედება სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, მოტყუებით, ძალადობითა ან ჯგუფურად ხორციელდება, პატიმრობის ვადა 3 წლამდეც შეიძლება გაიზარდოს.

არჩევნებში მონაწილე პარტიებს უფლება აქვთ, რომ ყოველ საარჩევნო კომისიაში დანიშნონ ორ-ორი წარმომადგენელი. საარჩევნო სუბიექტი ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს.

საარჩევნო სუბიექტი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს ცესკოს მდივანს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ − შესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს.

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა, ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და ითხოვენ შედეგების გაბათილებას.

ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისია საუბრობს საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის რისკებზე, ასევე სხვა ტიპის დარღვევებზე. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ აღწერილი დარღვევების ნაწილი ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული, ნაწილი კი, დაინტერესებული მხარეების მიერ პროცესში უხეშად ჩარევის მცდელობებთან.

აშშ და ევროკავშირის ქვეყნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს და დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ.

ამავე თემაზე:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი